ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა: შსს-მ აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2024
გამოწერა
თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება.
თბილისი, 10 დეკემბერი— Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 27 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პერიოდში მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა
სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.
შსს-ის ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0