„ქართული ოცნება“ გამოეხმაურა ევროკავშირის განზრახვას „დასაჯოს საქართველო“

© political party "Georgian Dream"მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2024
გამოწერა
როგორც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოში ხდება, აშკარა სანქციებს მოითხოვს.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოიღოს, მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად ხელისუფლების ოპონენტების რესურსი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ.
მანამდე ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოში ხდება, აშკარა სანქციებს მოითხოვს. მისი ინფორმაციით, სანქციების მომზადებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და არ გამორიცხა, რომ მონაცემები 10 დეკემბერს წარადგინონ. თუმცა სანქციების დაწესებისთვის საჭიროა ევროკავშირის 27 წევრი-ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილება, აღნიშნა მან.
„16-17 დეკემბერი არის ის თარიღები, როდესაც ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა. გარკვეულწილად ამის და 100-ჯერ სერიოზული სასჯელის პრევენცია მოვახერხეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ მივიღეთ წინსწრებით", - განაცხადა მდინარაძემ.
28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა და უარი თქვას მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი გამოიყენება როგორც საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტი, როგორც ეს მოხდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.
საქართველოს ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილების წყალობით მოხდა ერთგვარი დაზღვევა და ხელისუფლების ოპონენტების რესურსების ასჯერ შემცირება, განაცხადა პოლიტიკოსმა.
„და თუ ჩვენ ტურბულენტობა რაღაც 3-4 ბალის მივიღეთ ახლა, ორჯერ მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო და ის ადამიანები, რომლებიც თავადაც აღიარებენ თუ რისთვის ემზადებოდნენ, ორჯერ მეტად მომზადებული შეხვდებოდნენ ამ თარიღებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ახალ წლამდე რაღაც ისეთი უნდა გაეკეთებინათ, რაც ხელისუფლებას ამოაყირავებდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.
მაგალითად, 7 დეკემბრის საღამოს უცნობი პირები გრიბოედოვის ქუჩაზე თავს დაესხნენ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ტელეკომპანიისა და ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული „ტიტუშკებმა" ჩაიდინეს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევები, დაზიანებულია მანქანები, მოტოციკლები და სქროლები. კერძოდ, დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე შემთხვევა: მათ შორის სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში, ღია ბარებში, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ უწოდეს იმის საბოლოო მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
ყველა ახალი ამბავი
0