შსს: პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე აქციის 5 მონაწილე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2024
გამოწერა
თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, რისი საშუალებაც მათ რექტორმა არ მისცა. აღნიშნული ფაქტის გამო რექტორს ამავე უნივერსიტეტის დეკანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ დეკანი და მისი სტუდენტები მოგვიანებით უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორნენ რექტორის ცოლს და მის მეგობარს.
პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი იშვიათად იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.
შსს-ის ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0