ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა: შსს-მ კიდევ ორი პირი დააკავა

© photo: Sputnikაქციის დაშლა. 2024 წლის 3 დეკემბერი
აქციის დაშლა. 2024 წლის 3 დეკემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2024
გამოწერა
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი.
თბილისი, 7 დეკემბერი— Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
უწყების ცნობით, ერთი-ერთი დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
გარდა ამისა, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად გასულ ღამეს დაკავებულია 48 პირი.
შსს-ს მტკიცებით, უწყების თანამშრომლები, როგორც ყველა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრების პარალელურად მობილიზებულები იყვნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდება, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აქციის წევრებმა პარლამენტის შენობის და მის წინა პერიმეტრზე მდგომი სამართალდამცველების მისამართით ისროლეს პიროტექნიკა. ასევე პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და სხვადასხვა მძიმე საგნებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატარა კანონით მინიჭებული ზომები, მათ შორის გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება“, - ნათქვამია განცხადებაში
შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუზღუდეს, ისინი კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0