პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა თავის თავს

© President of Georgia leli blagonravovaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
გამოწერა
ზურაბიშვილის და ოპოზიციონერების დავის საგანი საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევა იყო.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს და მთლიანად დახიეს კონსტიტუცია, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო, შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაქვეყნა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა თავის თავს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს. შანსი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დავბრუნებულიყავით საკონსტიტუციო ჩარჩოში, რომელშიც ვიყავით არჩევნებამდე, რომელიც არის საწყისი მთელი ამ არალეგიტიმური, ერთი მეორეზე გადაბმული მოვლენების, დღეს მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მას ჰქონდა იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
„იმედი თუ ნდობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე... მჯეროდა და ვიმედოვნებდი, რომ სამი ადამიანი მაინც მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას და იქნებოდა მართალი თავისი სინდისისა და ქვეყნის წინაშე. შევცდი. შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი კონსტიტუციური ძალაუფლება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე იყო დამოკიდებული, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, კონსტიტუციურ წყობას და შესაბამისად, ნორმალური პოლიტიკური პროცესების განვითარებას.
„ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი... ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრებმა სარჩელები არჩევნების დროს ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის თაობაზე ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე ერთი კვირით ადრე შეიტანეს.
მანამდე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მეშვეობით მიეღწიათ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევისა და საარჩევნო უბნების 2/3--ის შედეგების ბათილად ცნობის აღიარება. საუბარია უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა..
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის და ისე სასამართლოებისთვის, გარდა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსი, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა 16 ნოემბერს, როდესაც სასამართლოებში დასრულდა საარჩევნო დარღვევების შესახებ საჩივრების განხილვა. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო და პარლამენტში 150-დან 89 ადგილი მოიპოვა.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართა, 28 ნოემბერს კი პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.
ერთი სარჩელი - ორი ბრალდება
პირველი ბრალდება - საყოველთაო კენჭისყრის პრინციპის დარღვევა.
იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად უქმნიდა სირთულეებს საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორას, პრეზიდენტმა საუბარი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო.
ზურაბიშვილმა მოითხოვა საარჩევნო უბნების გახსნა მათ შორის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარგლებს გარეთ, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საარჩევნო უბნების ფუნქციონირება მხოლოდ საელჩოსა და საკონსულოს შენობებში მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
კანონის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიძლება გაიხსნას საკონსულოში რეგისტრირებული არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის. 42 ქვეყანაში ჯამში 60 უბანი გაიხსნა.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო (სულ 3 508 294), საიდანაც საზღვარგარეთ ხმა მისცა 34 574-მა საქართველოს მოქალაქემ (სულ 95 910 მოქალაქე იყო რეგისტრირებული).
საზღვარგარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მეოთხე ადგილი დაიკავა, წინ გავიდნენ ოპოზიციური გაერთიანებები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“, ხოლო მთლიანად არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.
მეორე ბრალდება ფარული კენჭისყრის პრინციპის დარღვევაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პირველმა წამოჭრა ეს საკითხი, მოგვიანებით ეს აიტაცეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ.
ისინი თავიანთ ბრალდებას იმით ამყარებდნენ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან ჩანდა მარკერის კვალი, რომლითაც იყო გაფერადებული წრე სასურველი პარტიის გასწვრივ. სასამართლოებისთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ოპოზიცია კვლავაც ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა არჩევნების ტოტალურ გაყალბებას და უარს ამბობს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ახალ პარლამენტში შესვლაზე.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ყველა ახალი ამბავი
0