შსს: საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 293 პირია დაკავებული

© photo: Sputnikაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
გამოწერა
თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 293 პირია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეექვსე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ.
დასრულებული 89 საქმიდან:
43 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა
41 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, ისინი დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იხდიან აღნიშნულ პატიმრობას.
5 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 პირი. კერძოდ, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები არიან:
1.
52 წლის პირი, რომელმაც 1-ელ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა შსს-ს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი.
2.
37 წლის პირი, რომელმაც 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველების მისამართით ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და დააზიანა სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი.
3.
სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 21 წლის, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.
4.
დაკავებულია 17 წლის პირი, რომელმაც 9 აპრილის ქუჩაზე პიროტექნიკის სროლის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შსს-ს თანამშრომელს.
5.
ასევე დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 27 წლის პირი, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.
გამოძიება სსკ-ის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით გრძელდება და მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.
შსს-ს ინფორმაციით, როგორც ყველა შეკრების დროს დღესაც საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან შეკრების ადგილას და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. უწყების განცადებით, დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს.
„აგრესიული მომიტინგეები პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც საპოლიციო ძალები იყვნენ განთავსებულები ისვრიან ქვებს, ბლაგვს საგნებს, რკინის საგნებს და ცეცხლმოკიდებული ნივთებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია დაშავებული სამართალდამცველების შესახებ - უწყების განცხადებით, ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების შედეგად სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 143-მა თანამშრომელმა.
ძალოვანი სტრუქტურა მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ყველა ახალი ამბავი
0