ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამს

© Courtesy of Maka Bochorishviliმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
გამოწერა
ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. გადაწყვეტილება 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ არ გამორიცხავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ხოლო ბრალდებები, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, არის სიცრუე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, არ ცხრება.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ განგაში ატეხეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
„საკითხის ამგვარად დასმა თითქოს ქართულმა მხარემ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე არის სიცრუე... ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველო დღის წესრიგში არ დააყენებს მოლაპარაკებების საკითხს 2028 წლამდე, თუმცა, ეს თავისთავად არ გამორიცხავს იმას, რომ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
აღნიშნულ თემაზე მმართველი გუნდის მიერ გაჟღერებული განცხადების მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ არ დაზარალდეს ევროინტეგრაციის პროცესი, აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„სწორედ იმისთვის, რომ ამ საკითხის სპეკულაციურად გამოყენება არ ხდებოდეს საქართველოს პოლიტიკაში და არ დაზიანდეს ევროინტეგრაციის პროცესი, იძულებულები ვართ ამგვარი განცხადება გავაკეთოთ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას მოხდა.
მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
ყველა ახალი ამბავი
0