განათლების მინისტრი: სკოლებსა და უნივერსიტეტებში პოლიტიკის ადგილი არაა

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2024
გამოწერა
მინისტრის თქმით, ყველა სკოლა თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს მუშაობის ჩვეულ რეჟიმს,
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება აბსოლუტურად მიუღებელია - სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სკოლებსა და უნივერსიტეტებში პროტესტთან დაკავშირებით.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების, ასევე უნივერსიტეტების ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა ქვეყანაში მიმდინარე აქციის მონაწილეებს და სასწავლო პროცესი შეაჩერა. ღამის საპროტესტო აქციებზე სულ უფრო ხშირად ჩანან ბავშვები და მოზარდება. ამასთან, შსს-მ მშობლებს მოუწოდა მოარიდონ ძალადობრივ გარემოს არასრულწლოვნები, რადგანაც ბოლო დღეებში პარლამენტთან საპროტესტო აქციები გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
„სასწავლო დაწესებულებების პოლიტიზაცია სრულიად მიუღებელია. ჩვენ, როგორც საჯარო მოხელეებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს, სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც", - განაცხადა წულაძემ.
მინისტრის თქმით, ყველა სკოლა თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს მუშაობის ჩვეულ რეჟიმს, რადგანაც ისინი დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყონ სწავლების უწყვეტობა.
„პირადად მე ვთვლი, რომ სასწავლო პროცესის მიზანმიმართული შეფერხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაა. ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ სასწავლო პროცესი და განაგრძონ ვალდებულებების შესრულება,", - განაცხადა მინისტრმა.
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
შსს-ს მონაცემებით, თბილისში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
ყველა ახალი ამბავი
0