შსს: პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯამში 224 პირია დაკავებული

© photo: Sputnikაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2024
გამოწერა
თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 224 პირია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, ასევე დაუმორჩილებლობას ედავება.
შსს-ს ცნობით, დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან 36 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა, 34 პირის მიმართ - ადმინისტრაციული პატიმრობა, 4 პირის მიმართ კი გამოყენებული იქნა შენიშვნა. დანარჩენი პირების მიმართ სასამართლოებში გრძელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოება.
უწყების ცნობით, გუშინ, გვიან ღამით, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე არსებული მუნიციპალური ქონება და კერძო პირთა საკუთრება დააზიანეს - დაზიანებული ნივთების მეშვეობით აღმართეს ბარიკადები და ცეცხლი წაუკიდეს გარკვეულ საგნებს.
„თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, მიმდინარე აქციების ფარგლებში ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსითაც (187-ე და 353-ე პრიმა მუხლები) მიმდინარეობს.
კერძოდ, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული არიან 17 წლის და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 21 წლის პირი. მათ 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს 9 აპრილის ქუჩაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა პიროტექნიკის სროლის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შსს-სთანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მეორე ბრალებულმა კი იმავე დღეს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს.
გარდა ამისა, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული.
შსს- განცხადებით, უწყებაში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.
ძალოვანი სტრუქტურა მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია დაშავებული სამართალდამცველების შესახებ - გასულ ღამეს საპროტესტო აქციის დროს უწყების 21თანამშრომელი დაშავდა.
ყველა ახალი ამბავი
0