მმართველი გუნდი: მოსახლეობას ატყუებენ, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2024
გამოწერა
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" აცხადებს, რომ საპროტესტი აქციები, რომელმაც თბილისის და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქები მოიცვა, ეფუძნება ტყუილს - ხელისუფლება უარს არ აცხადებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვაზე.
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
„ისინი ცდილობენ მოატყუონ საზოგადოება, ამ მოტყუებულ საზოგადოებას თავში ჩაუყენონ ეგზალტირებული, ამისათვის მომზადებული რადიკალების ჯგუფი, რომლებიც არ ერიდებიან არაფერს, ძალადობენ პოლიციაზე, ცდილობენ, გადაწვან საქართველოს პარლამენტის შენობა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფრის უკან დგას ტყუილი”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება, მის დასრულებას 1,5-2 წელი დასჭირდება, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
„შესაბამისად, როდესაც 2028 წელს ამას დღის წესრიგში დავაყენებთ, აბსოლუტურად ყველა ვადაში ვჯდებით, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირს თავად აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ 2030 წლამდე არ აპირებს გაფართოებას", - განაცხადა დეპუტატმა.
მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ 2030 წელს საქართველო იქნება დანარჩენ კანდიდატ-ქვეყნებს შორის ყველაზე მომზადებული ქვეყანა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებების გახსნაზე თუ ამ საკითხს ევროკავშირი დააყენებს. დაგვიდონ დოკუმენტი და ამ დოკუმენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
კვირას, 1-ელ დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთვის მიმართვისას განაცხადა, რომ როგორც კი ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დოკუმენტს მაგიდაზე დადებს, მთავრობის მეთაური მზად არის მას ხელი მოაწეროს.
კობახიძის თქმით, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი „ენჯეოების“ თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო.
როგორც კობახიძემ განაცხადამ, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
ყველა ახალი ამბავი
0