1-ელი დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა

© photo: Sputnik / Stringerავტომობილები
ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2024
გამოწერა
თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, უფლება აქვთ, დააჯარიმონ მფლობელი, აუკრძალონ გამგზავრება და ჩამოართვან კიდეც ავტომობილი
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ, შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
მთავრობის დადგენილებით, პოლიცია აღნიშნულ პერიოდში არ გაატარებს ავტომობილს ზაფხულის საბურავებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძის, რიკოთის გვირაბი-წევას მონაკვეთებზე.
გარდა ამისა, კატეგორიულად აკრძალული იქნება ზაფხულის საბურავებით გადაადგილება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე.
ასეთივე შეზღუდვები იმოქმედებს ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის დმანისის გადასახვევი- გუგუთის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ქვიშხეთი-ვალეს მონაკვეთზე, ასევე ზაჰესი-რუსთავის, ახალციხე–ნინოწმინდის მონაკვეთებზე.
ზაფხულის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილება აკრძალული იქნება ასევე ახალქალაქი- თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე.
რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს, მსგავსი შეზღუდვები იმოქმედებს შემდეგი გზების გარკვეულ უბნებზე (მთლიანობაში 1,3 კმ): ბათუმი (ანგისა)-ახალციხე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი, ქუთაისი–ალპანა–მამისონი, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი, თბილისი–თიანეთი, თბილისი–მანგლისი, ვაზიანი–გომბორი–თელავი, ბაკურიანში, ჩოხატაური–ბახმარო და სხვ.
როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი
„ზამთრის საბურავი" უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი.
საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
პოლიციის უფლებები
პოლიციელებს უფლება ექნებათ შეამოწმონ ავტომობილის საბურავები ნორმებთან შესაბამისობაზე და ამისთვის შეეძლებათ ავტომობილის სავალი ნაწილიდან გადაყვანა მოითხოვონ. დათვალიერება ხდება ვიზუალურად. პროტექტორის სიღრმის გასაზომად პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვთ, გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობა.
თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, სამართალდამცველებს უფლება აქვთ დააჯარიმონ მფლობელი, აუკრძალონ გამგზავრება და ჩამოართვან კიდეც ავტომობილი, თუ ის პოტენციურ საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
ჯარიმა შეადგენს 100 ლარს. ამასთან, მძღოლს დარიცხული 100–დან 5 ქულა ჩამოეჭრება.
პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ადმინისტრაციული დარღვევაა, ხოლო პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა – სისხლის სამართლის დანაშაული.
ყველა ახალი ამბავი
0