შსს: პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია სრულად ძალადობრივი გახდა

© photo: Sputnikპროტესტის მესამე დღე. 2024 წლის 1 დეკემბერი
პროტესტის მესამე დღე. 2024 წლის 1 დეკემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2024
გამოწერა
რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეები დღესაც შეიკრიბნენ, ისინი საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერდა.
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა, შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების კანონიერ მითითებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან სამართალდამცველების მითითებებს და განაგრძობენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, გააგრძელებენ პარლამენტის შენობის დაზიანებას, ცეცხლის წაკიდებას და სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდება გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა სპეციალური საშუალება და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა.
„აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმართულებით ისროლეს პიროტექნიკა. გარდა ამისა, ქვებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით დააზიანეს პარლამენტის წინა და გვერდით ფასადზე განთავსებულ სამუშაო ოთახების ფანჯრები. ასევე საკანონმდებლო ორგანოში ისროლეს ცეცხლმოკიდებული ნივთები რის შედეგად პარლამენტის შენობის რამდენიმე ოთახში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს მტკიცებით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის დამცავი ჯებირებიც, პერიოდულად ცდილობენ პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრის დაზიანებას და ეზოში შეჭრას. მოძალადე ჯგუფებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა საგნის გამოყენებით ხელოვნური ბარიერები აღმართეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება დააზიანეს.
უწყების განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დღეს მიმდინარე აქციაზე დამწვრობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა.
ამ დროისთვის სამართალდამცველები წყლის ჭავლს იყენებენ.
პროტესტის ქრონიკა
სამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0