საგარეო უწყება: მიუღებელია უცხო სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს საქმეებში ჩარევა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები მიუღებელია, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებამ დაგმო დიპლომატიურ სამსახურზე ზეწოლა და საბოტაჟისკენ მოწოდებები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თანამდებობები დატოვეს დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ელჩებმა - აშში-ს, იტალიის, ბულგარეთის, ლიეტუვისა და ნიდერლანდების.
„მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, კანდიდატის სტატუსის მიღებამდეც კეთილსინდისიერად ასრულებდა ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით", - ნათქვამია განცადებაში.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული მომავალში ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის.
„ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას", - ნათქვამია განცხადებაში.
„ეს მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. აქციებზე დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200-ს აჭარბებს.
ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგი მკაცრი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო „დემოკრატიის უკან დახევის კიდევ ერთი გამოვლინება“ ქვეყანაში.
რეზოლუციის თანახმად, ადგილი ჰქონდა მასშტაბურ გაყალბებას, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების შედეგები და ამავდროულად უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელახლა ჩაატაროს არჩევნები ერთი წლის განმავლობაში.
ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ევროკავშირის ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, თბილისის მერ კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0