აქციის რამდენი მონაწილე დააკავეს გასულ ღამეს თბილისში?

© photo: Sputnikსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2024
გამოწერა
დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანს აჭარბებს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე გუშინ, საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 50 ადამიანი დააკავეს, განაცხადეს შინაგან საქმეთა პრეს-სამსახურში.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანს აჭარბებს.
ადვოკატების თქმით, დაკავებულების ნაწილი გათავისუფლდა, ნაწილი კი დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან კლინიკებში არიან გადაყვანილი. დაკავებულებს ძირითადად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ედებათ ბრალი.
ცალკეულ შემთხვევებში ადვოკატები სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვენ, რადგანაც მათი დაცვის ქვეშ მყოფ ზოგიერთ პირს ფიზიკური დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებათ, იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დესტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა - შეკრებილებმა პიროტექნიკა გამოიყენეს და სხვადასხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ქვები დაუშინეს და სათვალთვალო კამერები დააზიანეს. საპასუხოდ, პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
აქციის დროს დაშავდა ექვსი სამართალდამცველი და მედია-საშუალებების რამდენიმე თანამშრომელი.
ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგი მკაცრი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო „დემოკრატიის უკან დახევის კიდევ ერთი გამოვლინება“ ქვეყანაში.
რეზოლუციის თანახმად, ადგილი ჰქონდა მასშტაბურ გაყალბებას, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების შედეგები და ამავდროულად უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელახლა ჩაატაროს არჩევნები ერთი წლის განმავლობაში.
ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ევროკავშირის ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, თბილისის მერ კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0