გამოიჩინეთ მაქსიმალური მოთმინება - პრემიერმა პოლიციას მიმართა

© photo: Sputnik / Stringerაქციის დაშლა. 2024 წლის 29 ნოემბერი
აქციის დაშლა. 2024 წლის 29 ნოემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2024
გამოწერა
კობახიძე აცხადებს, რომ პოლიცია მაღალი სტანდარტებით მოქმედებდა, თუმცა იყო რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მომავალში არ უნდა განმეორდეს
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელებს მოუწოდა გამოიჩინონ მოთმინება და თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებზე ძალის ჭარბი გამოყენებისგან.
საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
„მინდა, მოვუწოდო პოლიციელებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავი შეიკავონ ძალის ჭარბი გამოყენებისგან. გუშინაც იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მომავალში არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ამგვარი ინციდენტები რადიკალური ოპოზიციისა და მისი ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან „მათი ბრუტალური ძალადობის“ გადასაფარად გამოიყენება. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ პოლიცია მოქმედებდა მაღალი სტანდარტების დაცვით.
„ვახტანგ გომელაურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინაც იმოქმედეს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს უმძიმესი თავდასხმა კონსტიტუციურ წყობილებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რადიკალები და მათი უცხოელი მფარველები ცდილობენ მოიგონონ საბაბი, რათა შეეცადონ ქვეყნის გახლეჩვას და საქართველოს უკრაინიზაციას.
მისი თქმით, 2013 წლის მაიდანის სცენარი, როცა მომიტინგეებმა კიევში ხელისუფლების შეცვლას ძალადობრივი გზით მიაღწიეს, საქართველოში ვერ განხორციელდება, რადგან ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს.
პროტესტის ქრონიკა
სამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
ყველა ახალი ამბავი
0