უკიდურესად იმედგამაცრუებელი - ევროკავშირის ელჩი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

© courtesy of European Union in Georgiaპაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2024
გამოწერა
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აღარ არის დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში, ეს ქვეყნის ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომელიც უკიდურესად იმედგამაცრუებელია, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე. ამას მოჰყვა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია, რომელიც გამთენიისას მომიტინგეთა დარბევით დასრულდა. სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. აქციაზე დაშავდა 32 პოლიციელი, დაკავებულია 43 პირი.
„ჩვენ გავუღეთ ჩვენი კარი, ევროკავშირის კარი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიდიან წინ. როგორც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად სურს მისი ქვეყანა იყოს.
„ჩემი გზავნილი იქნება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, ჩვენ დაგელოდებით. ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ ის იყოს“, - აღნიშნა ელჩმა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
გარდა ამისა, ურთიერთობების გამწვავება გამოიწვია სექტემბერში მიღებულმა კანონმა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.
კრიტიკა გაგრძელდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი თქვა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, რომელიც ამ არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა, ასევე მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათ ერთხმად ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადეს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპული ღირებულებების ერთგული არიან და ზემოაღნიშნული კანონები მიიღეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, მმართველი პარტიის ლიდერებმა ახსნეს იმით, რომ სწორედ გამჭვირვალობა არის „ევროპულობა".
ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, არის საპასუხო რეაქცია საქართველოსთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავსმოხვევის მცდელობაზე. ლგბტ-პროპაგანდა დაპყრობის საუკეთესო თანამედროვე იარაღია, განაცხადა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0