„დღესვე მოვაწერ ხელს“ - პრემიერმა ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნისკენ მოუწოდა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2024
გამოწერა
როდესაც საქმე მიდგება ქვეყნის გაწევრიანებაზე, იკითხავენ ზუსტად ამას - გვაქვს თუ არა შესრულებული ვალდებულებები ასოცირების შეთანხმებაზე, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ასე რომ თუ ევროკავშირს სურს დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, გადადგას შესაბამისი ნაბიჯი, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ხუთშაბათს კობახიძემ გააჟღერა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ. ეს კი, ჰერჩინსკის თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარ არის დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში.
„ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, დასრულდეს შანტაჟი ამ ყველაფრით, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.
ამის საუკეთესო დასტურია მონტენეგრო და სერბეთი, რომლებსაც მოლაპარაკებები შესაბამისად 2012 და 2014 წელს გაუხსნეს, თუმცა, ამას ევროკავშირში მათი გაწევრიანება ოდნავადაც არ დაუჩქარებია. ამის საუკეთესო ასევე მაგალითია თურქეთიც, რომელსაც მოლაპარაკებები 2005 წელს გაუხსნეს, თუმცა, 2016 წელს საერთოდ შეუწყვიტეს, განაცხადა კობახიძემ.
„ამ ფონზე, მით უფრო მიუღებელია, რომ სრულიად არაფრისმომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავარი, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საკითხის პრაქტიკული მხარეა. ის მოიცავს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებსაც ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომლებიც 2014 წელს გაფორმდა.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო შეასრულებს ამ შეთანხმებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტს და 2030 წელს ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად.
„საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მიდგება ქვეყნის გაწევრიანებაზე, იკითხავენ ზუსტად ამას - გვაქვს თუ არა შესრულებული ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა.
„ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად ხელოვნური ბარიერებისა, ვაგრძელებდით ვალდებულებების შესრულებას და მიუხედავად ამ შანტაჟისა და უბედურებისა, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტიდან, მათ შორის აღმასრულებელი ბიუროკრატიიდან და ა.შ. ჩვენ ჯიუტად ვაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ კონტექსტში მან მოიშველია საქართველოს მაღალი რეიტინგები საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში.
„ყველა საერთაშორისო ინდექსის და რეიტინგის მიხედვით, საქართველო აბსოლუტურად ყველა პარამეტრით წინ უსწრებს, როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას. ცოტა ხნის წინ თვითონ ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდა. ქულებით აფასებენ ქვეყნებს. მოლდოვასაც ვუსწრებთ და ბოსნიასაც ვუსწრებთ წინ, მაშინ, როდესაც მათ გაუხსნეს მოლაპარაკებები და ჩვენ - არა“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, არც მოლდოვას დაუწესებია სანქციები, მოლდოვას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ცოტა ხნის წინ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები უნდა განაახლონ.
„აქედან ხომ ჩანს, რომ არის სრული უსამართლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ასევე კომენტარი გააკეთა ხუთშაბათს საღამოს დაწყებულ საპროტესტო ტალღაზე მისი განცხადების შემდეგ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოიხსნა.
მისი თქმით, ადამიანებს ან არ წაუკითხავთ ან არ მოუსმენიათ მისი განცხადება, ანდა გაუჭირდათ მოსმენილის ან წაკითხულის გააზრება. ვინც გაიაზრებს გუშინდელ ბრიფინგზე ნათქვამს, აღარ გააპროტესტებს.
ყველა ახალი ამბავი
0