ვინ დგას საქართველოში ეუთო/ოდირის წინააღმდეგ კამპანიის უკან? პრემიერის პასუხი

© photo: Sputnik / Sergey Averin / გადასვლა მედიაბანკშიეუთოს დროშა
ეუთოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2024
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს ტექნიკურ მისიასთან, რომლის გამოგზავნას საქართველოში ევროკავშირი აპირებს.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყეს კამპანია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წინააღმდეგ, რომელიც თანდათან გაფართოვდა და ახლა მასში უცხოელი პატრონებიცც ჩაერთნენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტარმა მირიამ ლაქსმანმა ადრე გამოთქვა უნდობლობა ეუთოს ანგარიშის მიმართ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეუთო/ოდირი ძალიან ხშირად ავტორიტარულ ქვეყნებზე ისეთ დასკვნებს აქვეყნებს, რომ ევროკავშირი ამ დასკვნებით ვერ ხელმძღვანელობს. ოდირი რეჟიმების გავლენის ქვეშაა, რომლებიც არ არიან დაინტერესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, აღნიშნა მან.
„ეუთო/ოდირმა შეაფასა არჩევნები, შეაფასა ისინი გონივრულად. მან თქვა, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და თუ გადავხედავთ ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნას, მასში არ არის საუბარი სისტემურ დარღვევებზე, რამაც გამოიწვია ოპოზიციის წარმომადგენლების და ქვეყნის გარეთ მათი პატრონების გაბრაზება", - განაცხადა კობახიძემ.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
პრემიერის თქმით, საქართველოში ეუთო/ოდირის წინააღმდეგ კამპანია ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაავალეს „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „ახალის" თანადამფუძნებელ ნიკა გვარამიას და ყოფილ პრემიერს, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას.
„ეს კამპანია ეუთო/ოდირის წინააღმდეგ გვარამიამ და გახარიამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყეს. მათ წინასწარ დაავალეს საწინააღმდეგო კამპანიის წარმოება, რომელიც თანდათან გაფართოვდა და დღეს ხედავთ, რომ ამ გამპანიის გაჩაღებაში მათი პატრონებიც ჩაერთვნენ", - აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, მათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაყალბების არც ერთი ფაქტი არ აქვთ.
„ვერანაირი ფაქტებით ვერ საუბრობენ. შედეგად, ოთხი დღის შემდეგ, როცა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერც ერთი ფაქტი ვერ დაასახელეს, დაიწყეს ლაპარაკი ერთადერთზე, რომ ფარულობა (კენჭისყრის - რედ. ) დაირღვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს ტექნიკურ მისიასთან, რომლის გამოგზავნას საქართველოში ევროკავშირი აპირებს.
„ტექნიკურ მისიას შეასრულებს ტექნიკური ჯგუფი. თუკი იქნება დაინტერესება, ჩვენ ვთხოვთ ჩვენი აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ ტექნიკურ მისიას, გავიგებთ რა არის მათი ინტერესი და ამის შესაბამისად ვუპასუხოთ ყველა კითხვას“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ადრე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, საქართველოში არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია. მისი თქმით, სიტუაციის ადგილზე შესწავლა, ანალიზია საჭირო და ეს ტექნიკური მისიის ამოცანაა.
მისი თქმით, ევროკავშირი საქმეში ჩართავს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან დარღვევების შესახებ საკუთარი შეფასებები წარადგინოს. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს და ყველა გარემოებას ნათელი უნდა მოეფინოს.
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი განაცხადა ბარიერგადალახულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიების და ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 89 ადგილი მოიპოვა, რამაც მას საშუალება მისცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ეღიარებინა 150-ვე არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება, ასევე აერჩია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტების თავმჯდომარეები.
არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ყველა გადაწყვეტილებაც არალეგიტიმური იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0