საქართველო ოთხი წლის განმავლობაში განვითარების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავა - კობახიძე

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2024
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს 5-წლიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მთავრობის ოთხწლიანი პროგრამის წყალობით საქართველო განვითარების ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ 2025-2028 წლებზეა გათვლილი,კ ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება, სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირება და დასაქმების გაზრდა პრიორიტეტული მიმართულებებია.
„ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავალთ“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ქართული ეკონომიკის ჩამოქცევა სურს, მაგრამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს 5-წლიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
„მანამდეც ამტკიცებდა ოპოზიცია, რომ ყველაფერი იქნებოდა ცუდად, ქვეყანა ჩამოიქცეოდა, ეკონომიკა ჩამოიქცეოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ პირველ ადგილზე გასვლა ევროპაში, ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა სამი წლის განმავლობაში და წლევანდელი ზრდა შარშანდელზე მაღალია, რაც არის ძალიან კარგი“, - აღნიშნა მან.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11%, 2023 წელს - 7,8% იყო. 2024 წლის სექტემბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3% შეადგინა, ხოლო 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა - 9,8%.
საქართველოს პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ნდობა გამოუცხადა >>
როგორც კობახიძემ განაცხადა, მთავრობას შეუძლია თავისუფლად შეინარჩუნოს ეკონომიკის ზრდის ტენდენცია, მათ შორის იმ კონკრეტული პროექტების შედეგად, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის არის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით. მისი თქმით, მთავრობის პროგრამა, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციას ითვალისწინებს, საკმაოდ ამბიციურია.
„ესენი არის იგივე ავტობანის პროექტის დასრულება, ანაკლიის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, თბილისის და ქუთაისის აეროპორტების პროექტები და ა.შ. არის ძალიან ამბიციური პროგრამა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკის განვითარება არის მთავარი პირობა იმისათვის, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს და ა.შ. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება იქნება მთავრობის 4-წლიანი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი.
ყველა ახალი ამბავი
0