საქართველოს პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ნდობა გამოუცხადა

© Georgian Dreamმინისტრობის კანდიდატები
მინისტრობის კანდიდატები - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2024
გამოწერა
საქართველოს აქვს ორი ძირითადი ეროვნული მიზანი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის დაძლევა, ნათქვამია მთავრობის პროგრამაში
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა განახლებულ მთავრობას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამას „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“.
სამთავრობო პროგრამის თანახმად, საქართველოს ორ უმთავრეს ეროვნულ მიზნად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა რჩება.
სამთავრობო პროგრამა სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგ 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს:
დემოკრატიული განვითარება;
ეკონომიკური განვითარება;
სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება;
საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.
საქართველოს მთავრობის ხედვა საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის მიმართულებით ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის, მის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მთავრობის გეგმები გააცნო.
მანამდე, 26-27 ნოემბერს, მინისტრობის კანდიდატები საპარლამენტო კომიტეტებში წარდგნენ და დეპუტატებს ცალკეული უწყებების სამუშაო გეგმები გააცნეს.
კობახიძე საქართველოს მთავრობას 2024 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს.
მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ გახდა საჭირო. არჩევნები 26 ოქტომბერს შედგა, 25 ნოემბერს კი ახლადარჩეული დეპუტატებისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა გაიმართა.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი თქვა ყველა ოპოზიციურმა ძალამ, რომელმაც გადალახა ხუთპროცენტიანი ბარიერი - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე განაცხადეს და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ახალი არჩევნების გამართვა.
განახლებულ მთავრობას სამი ახალი მინისტრი ჰყავს: საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილი მაკა ბოჭორიშვილმა შეცვალა, იუსტიციის სამინისტროში რატი ბრეგაძე - ანრი ოხანაშვილმა, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოთარ შამუგია დავით სონღულაშვილმა შეცვალა.
ყველა ახალი მინისტრი წინა მოწვევის პარლამენტში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. იურისტი და საქართველოს დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული მაკა ბოჭორიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს - იურისტი ანრი ოხანაშვილი, ხოლო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს - ეკონომისტი დავით სონღულაშვილი.
ბოჭორიშვილი, ოხანაშვილი და სონღულაშვილი ამ მოწვევის პარლამენტშიც გავიდნენ. მთავრობაში მათი წასვლის შემდეგ დარჩენილ საპარლამენტო მანდატებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მომდევნო წევრები დაიკავებენ.
საქართველოს განახლებული მთავრობა:
პრემიერ მინისტრი - ირაკლი კობახიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი
იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი
ყველა ახალი ამბავი
0