ეს „კინო“ უკვე ნანახი გვაქვს: კალაძე ტექნიკური მისიის შესახებ ბორელის განცხადებაზე

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2024
გამოწერა
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა, ეს „კინო“ უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით, როგორ მოქმედებენ რადიკალები, განაცხადა „ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კაკლაძემ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.
გუშინ, 18 ნოემბერს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. როგორც ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების შესასწავლად ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოგზავნის. ამასთან, როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირი საქმეში ჩართავს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა წევრ-ქვეყნებს წარუდგინოს შეფასება საარჩევნო დარღვევებზე.
კალაძის თქმით, ეს არის პოლიტიკური შეფასებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებამდეც კეთდებოდა, რეალურად კი, არჩევნების დარღვევით ჩატარების ფაქტები არ არსებობს.
„რეალურად, არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ეუთო/ოდირის შუალედური და საბოლოო დასკვნაც ვიხილეთ. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი დღე აკვირდებოდნენ არჩევნებს, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები გააკეთეს. არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი არჩევანი გაეკეთებინა", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს საიმისოდ, რომ არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალოს.
„არჩევნების გაყალბების ფაქტები ბუნებაში არ არსებობს. ხოლო ის პოლიტიკური შეფასებები და მოწოდებები, რასაც გარედან ვისმენთ, არის იმ ნარატივის გაგრძელება, რასაც არჩევნებამდე ვისმენდით", -განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობას, მისი თქმით, ხელისუფლება ამისთვის მზად არის.
არჩევნები 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.
ყველა ახალი ამბავი
0