„იუდას კოცნა" ქართველი ხალხის სიყვარულად წარმოაჩინეს: პაპუაშვილი ევროპელ დეპუტატებზე

© Sputnik / STRINGERევროდეპუტატები თბილისში
ევროდეპუტატები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2024
გამოწერა
ორშაბათს, ევროპელმა დეპუტატებმა შეხვედრა გამართეს ყველასთან, ვინც საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ მთელი სისავსით დაინახა სიცრუე, დამორჩილების სურვილი, არეულობისკენ მოწოდებები, ქართველი ხალხის სიყვარულად წარმოჩენილი ღალატი და ეს ყველაფერი ევროპის სახელით, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით.
ორშაბათს, პარლამენტების ვიცე-სპიკერებმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა შეხვედრა გამართეს ყველასთან, ვინც საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საღამოს კი ისინი თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზეც მივიდნენ.
„ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად", - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ყოველივე ეს ნათლად ჩანდა ორშაბათს გამართულ აქციაზე.
„გუშინ მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც, განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული „იუდას ამბორი". და ეს ყველაფერი – ევროპის სახელით“, - დაწერა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, დელეგაციის ზოგიერთი წევრის ინიციატივის მიუხედავად, ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრა არ ისურვეს. ორშაბათს დილით პაპუაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ამ პოლიტიკოსების საქართველოს მიმართ არამეგობრულ დამოკიდებულებაზე.
უცხოურ დელეგაციაში არიან გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, შვედეთის, ფინეთის და საფრანგეთის პარლამენტების წარმომადგენლები. მათგან ყველაზე მკაცრი რიტორიკით გამოირჩევა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ კოშმარს“ უწოდებს.
ორშაბათს დილით ისინი ჯერ პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ, სადაც პრესკონფერენციაზე გააკრიტიკეს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და მიმდინარე წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონები.
როთმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია აღიაროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, ვიდრე ყველა საეჭვო ფაქტს ნათელი არ მოეფინება. მისი თქმით, ბრალდებები არჩევნებით მანიპულირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ამომრჩეველთა დაშინებასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს.
საღამოს, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ, რომლის ორგანიზატორებიც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. კენჭისყრა 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ (53,93%). პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ, ცესკოს შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არჩევნებულ ტოტალურად გაყალბდა. არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
ყველა ახალი ამბავი
0