ევროპელი დეპუტატები თბილისში: „ქართული ოცნების" უარი და საპროტესტო აქცია

© Sputnik / STRINGERევროპელი დეპუტატები თბილისში აქციაზე
ევროპელი დეპუტატები თბილისში აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2024
გამოწერა
მიმდინარე წლის გაზაფხულზე მასობრივ საპროტესტო ტალღასთან შედარებით, ამჯერად აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების რიცხვი გაიზარდა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
დილიდან ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ესტონეთის, პოლონეთისა და ფინეთის პარლამენტების ვიცე-სპიკერებმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრა არ ისურვეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე უარი ამ პოლიტიკოსთა ნაწილის მიკერძოებულობითა და საქართველოს მიმართ არამეგობრული დამოკიდებულებით ახსნა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს დელეგაციის ზოგიერთი წევრი მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას, აწარმოებდა საჯარო კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და მხარს უჭერდა ოპოზიციას, რითაც ცდილობდა უკანონოდ მოეხდინა ზემოქმედება მოქალაქეების ნებაზე.
მხარდაჭერა ევროპულად
მიმდინარე წლის გაზაფხულზე მასობრივ საპროტესტო ტალღასთან შედარებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების რიცხვი კი გაიზარდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა მხარდასაჭერად მაისში თბილისში ჩამოვიდნენ ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და კომიტეტების წევრები.
ამჯერად ქართულ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომლებიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ, სოლიდარობა გამოუცხადეს ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებმა, მათ შორის გერმანიის, პოლონეთისა და ლიეტუვის.
დელეგაციის ყველაზე აქტიურმა წევრმა, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა, რომელიც „ქართულ ოცნებას" „ქართულ კოშმარს" უწოდებს, დილით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე, საღამოს კი აქციაზე განაცხადა, რომ იგი საქართველოს მტერი არ არის.
„ვიცი, რომ ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებს ჩვენი ვიზიტ არ უხარიათ. მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ მეგობრები ვართ. ჩვენ ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მეგობრები. თქვენი ადგილი ევროპის გულშია", - განაცხადა როთმა პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებული სცენიდან.
როთიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს.
„თქვენ ევროპა ხართ. არასდროს დანებდეთ. გჯეროდეთ, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს და დემოკრატია მოვა საქართველოში“, - განაცხადა ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრამ.
როგორც მან აღნიშნა, ევროპული დელეგაცია თბილისში დემოკრატიისა და ევროპის გზაზე ქართველების მხარდაჭერის მიზნით ჩამოვიდა.
თავის მხრივ, პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიჰაუ კამინსკიმ შეკრებილთ შეახსენა თუ როგორ იდგა იგი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქართველების მხარდამჭერ აქციაზე საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებთან, მიხეილ სააკაშვილთან და ლეხ კაჩინსკისთან ერთად. მან ორივე პოლიტიკოსს „დიდი პრეზიდენტები" უწოდა.
„არავის უნდა შეეძლოს თქვენი ხმების მოპარვა. ვერავინ უნდა შეძლოს თქვენი თავისუფლების მოპარვა. საქართველო თავისუფალი იქნება, საქართველო იქნება ევროპაში", - განაცხადა კამინსკიმ.
ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუწოდა შეკრებილთ არასდროს დანებდნენ და შეიმუშავონ სამოქმედო გეგმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„ვიღაც ცდილობს წაგართვათ თქვენი თავისუფლება, ვიღაც ცდილობს წაგართვათ თქვენი დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში“, - განაცხადა პავილიონისმა და დასძინა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა არ არსებობს“.
არ არსებობს „ორბანისეული გზა ევროპისკენ“, არის მხოლოდ დემოკრატიული გზა, რომელიც გულისხმობს კანონის უზენაესობას და თავისუფლებას, დასძინა შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონმა.
ორბანი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორი ლიდერიდან ერთ-ერთი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ქართული ოცნების" გამარჯვება მიულოცა. უფრო მეტიც, კენჭისყრიდან მესამე დღეს ორბანი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა და ხელისუფლებას მოუწოდა, ყურადღება არ მიაქციოს დასავლეთის კრიტიკას.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. კენჭისყრა 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ (53,93%). პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ, ცესკოს შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არჩევნებულ ტოტალურად გაყალბდა. არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
ყველა ახალი ამბავი
0