კობახიძე: შოლცს იმდენი პრობლემა აქვს, როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2024
გამოწერა
შოლცმა, მაკრონმა და ტუსკმა განაცხადეს, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ის არ გააუქმებს კანონებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ საქართველოს შესახებ განცხადებების გაკეთების ნაცვლად მის პრობლემებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე „მრავალრიცხოვანი დარღვევების“ გამო. მათ აღნიშნეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას, სანამ ის არ შეცვლის კურსს და „ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო“ კანონებს არ გააუქმებს.
„ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი. მას დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით აკეთებდეს განცხადებებს“, - განაცხადა კობახიძემ.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. კრიტიკა გაძლიერდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0