ცესკომ არჩევნების გაყალბების „უტყუარ მტკიცებულებებს“ უპასუხა

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები-2024
არჩევნები-2024 - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2024
გამოწერა
ბოლო დროს შეინიშნება მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში ვრცელდება მანიპულაციური სტატისტიკური ინფორმაცია, თითქოს საპარლამენტო არჩევნებზე ქალთა და მამაკაცთა აქტივობის დონეებს შორის არარეალური სხვაობა დაფიქსირდა, რაც შემდეგ წარმოდგენილი იქნა, როგორც „არჩევნების გაყალბების უტყუარი მტკიცებულება“, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
აღნიშნული საკითხი წამოწია არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის“ (ISFED). ცესკოს მონაცემების შესწავლის შემდეგ, ორგანიზაციამ ასევე დაასკვნა, რომ ზოგიერთ საარჩვენო უბანზე იმაზე მეტმა მამაკაცმა მისცა ხმა, ვიდრე იყო შეტანილი ჯამში უბნის ერთიან სიაში და სპეციალურ სიაში.
„კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას. აღნიშნული მონაცემები არ ითვლება მთვლელების მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემში“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ყველა წინა არჩევნებზე ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი დამუშავების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არცერთ შემთხვევაში კავშირში არაა და ვერ იქნება კენჭისყრის შედეგებთან და შესაბამისად, ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, აღნიშნულია განცხადებაში.
სააპელაციო სასამართლომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა არ დაადასტურა>>
ცესკოს განცხადებით, ასეთი ტიპის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას, გასათვალისწინებელია იმ კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ესენი არიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები.
მსგავსი უზუსტობები, რომლებზეც მიუთითებს ISFED, შეიძლება არსებობს მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში და შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველს, ნათქვამია განცხადებაში.
„ამ შემთხვევების განზოგადება მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ცოდნის ნაკლებობასთან, ან მიზანმიმართულ ქმედებასთან, რათა დაზიანდეს საარჩევნო პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოს განცხადებით, ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
ყველა ახალი ამბავი
0