არჩევნები საქართველოში: ამერიკული კომპანიის აუდიტმა „კარუსელები“ გამორიცხა

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები-2024
არჩევნები-2024 - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2024
გამოწერა
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია, ნათქვამია აუდიტორის დასკვნაში
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ქვეყანაში საარჩევნო უბნების 90% აღჭურვილი იყო ამ ტიპის ხმის მიცემის მოწყობილობებით. ელექტრონული სისტემა გულისხმობს ამომრჩეველთა რეგისტრაციას პასპორტში/პირადობის მოწმობაში არსებული ჩიპის წამკითხველი მოწყობილობის და საარჩევნო ყუთში მოთავსებისას ბიულეტენის წამკითხველი აპარატის გამოყენებით. გარდა ამისა, ამომრჩეველთა სიები პლანშეტებში შეინახება.
„ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა“, - ნათქვამია დასკვნაში.
დასკვნამ ასევე დაადასტურა, რომ ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში, ხოლო ამომრჩევლების დუბლირება შეუძლებელია.
„საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ: ცესკო-ს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან; ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი“, - აღნიშნულია დასკვნაში.
სააპელაციო სასამართლომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა არ დაადასტურა >>
დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია.
„Pro V&V-მ დაადგინა, რომ არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემის პირველად დანერგვისთვის, პერსონალი კარგად იყო მომზადებული და სწორად წარმართა პროცესები, რომლებსაც Pro V&V დააკვირდა“, - ნათქვამია დასკვნაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობისას შემოწმდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები (VIU Desktop 818-100), ხმების დათვლის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები (PCOS SAES- 1800Plus) და ტაბლეტ-კომპიუტერები (Lenovo Tab K11), რომლებშიც ამომრჩევლების სიები იყო ჩატვირთული.
„Pro V&V დააკვირდა არჩევნების ჩატარების პროცესს, კერძოდ უბნების კომისიის წევრებს, უბნის ტექნიკურ პერსონალს (რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ აპარატების ტექნიკურ მხარდაჭერაზე), ასევე თავად ამომრჩევლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნების შესაბამისობის აუდიტი სამ ეტაპად განახორციელა. Pro V&V-მ პროექტის პირველი ეტაპის (პროგრამული განახლებები) ფარგლებში ჩაატარა საწყისი კოდის შემოწმება (ფუნქციური რეგრესიული ტესტირება), მეორე ეტაპზე კი (არჩევნების კონფიგურაცია) Pro V&V-მ ჩაატარა კონფიგურაციის აუდიტი და შეამოწმა ყველა საჭირო ფაილი პროცესის სერტიფიცირების მიზნით.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის".
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა, რომლებმაც არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს, უარი განაცხადეს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი თავსდება.
ყველა ახალი ამბავი
0