რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს

© photo: Sputnikრესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2024
გამოწერა
კლინიკაში განახლდა და აღიჭურვა კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიც (რეანიმაცია), სადაც განთავსებულია 12 საწოლი
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტმა (ემერჯენსი) და სტაციონარმა დღეიდან მუშაობა განაახლა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი მთლიანად გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით. განყოფილება გათვლილია 12 საწოლზე, მოწყობილია ტრიაჟის ოთახი, შოკის დარბაზი, მცირე და დიდი ობსერვაციის დარბაზები, ასევე ბოქსირებული პალატა.
კლინიკაში განახლდა და აღიჭურვა კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიც (რეანიმაცია), სადაც განთავსებულია 12 საწოლი – I-II-III დონის ინტენსიური საწოლები, გადაუდებელი დიალიზის საწოლი, იზოლირებული და ბოქსირებული პალატები.
ჯამში, ორივე დეპარტამენტში 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული
24 ოქტომბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც აშენდება ახალი შენობა და უკვე არსებული გარემონტდება.
ახალი კონცეფციის თანახმად, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია. საავადმყოფო 700-მდე საწოლზე იქნება გათვლილი, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებას უზრუნველყოფს.
გარდა აღნიშნულისა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობა, სადაც განთავსდება სტაციონარი, რომელიც ორიენტირებული იქნება სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე: ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია, ჰიბრიდული საოპერაციოები.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.
ყველა ახალი ამბავი
0