საქართველოს ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა - პაპუაშვილი
© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiევროკავშირის დროშები
© photo: Sputnik / Alexei Vitvitski
გამოწერა
ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა, განაცხადა სპიკერმა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ევროკომისია მუშაობს გაფართოების შესახებ ანგარიშზე საქართველოსთვის, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
ევროკომისიამ თავის მოცულობით ანგარიშში გაიხსენა ევროსაბჭოს რეაქცია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. ევროსაბჭოს 27 ივნისის დასკვნის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ, რაც ფაქტობრივად იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. ევროსაბჭომ ასევე 17 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებები დე ფაქტო აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
„თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე აგრძელებს საქართველოს ხელისუფლება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას.
„სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია. ის არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია ეს არის გრძელვადიან შედეგზეა ორიენტირებული სამუშაო.
„თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესში, არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა“, - განაცხადა სპიკერმა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა მხარს უწერს იმას, თუ როგორ მუშაობს „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე.
„საპარლამენტო არჩევნებში, მოსახლეობამ ძალიან გასაგებად გააკეთა არჩევანი ევროინტეგრაციის პროცესზე, ოპოზიციის ისტერიულ პოლიტიკასა და „ქართული ოცნების“ საქმიან, კონსტრუქციულ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარმოებულ პოლიტიკას შორის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი და 2028 წლისთვის აპირებს ამ შეთანხმების პირობების 90%-ის შესრულებას, რითაც არსებითად მიუახლოებს ქვეყანას ევროკავშირის წევრობას.
„ჩვენ ყურადღებით შევისწავლით გაფართოების დოკუმენტს და დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს ქართველი ფერმერების, მეწარმეების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითოეული სფეროს ანალიზის პროცესში და მომავალშიც მზად არის, ამავე მიზნით, აქტიურად ითანამშრომლოს ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან.
2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსი მიღებასთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა მომდევნო ეტაპის - გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
პაპუაშვილმა ევროკომისიის ანგარიში შეაჯამა
ევროკომისიის ანგარიშში მოყვანილია საქართველოს უნარის შეფასება, იკისროს ევროკავშირის წევრობის ვალდებულებები.
ანგარიში დაყოფილია ექვს ბლოკად: ფუნდამენტური სფეროები (დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა), შიდა ბაზარი, კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა, დღის მწვანე წესრიგი, რესურსები და სოფლის მეურნეობა, საგარეო ურთიერთობები.
„საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი – 13 თავზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიში არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და ენჯეოს სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
„ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში ოცდათხუთმეტი თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ასეთი შეფასების ძირითადი მიზეზად ანგარიშში დასახელებულია გენდერული კვოტირების გაუქმება, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება და ლგბტ პრაიდის ვერ ჩატარება.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თავში საქართველოს შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში („შემოერთების პეოცესის საფუძვლები“), საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც.
„ის, რომ გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონზე ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა არ აქვს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. ეს კანონები, არჩევნებზეც ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხებზე ევროკავშირთან საუბარი, საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციის გათვალისწინებით გაგრძელდება.
„გარდა ფუნდამენტური მიმართულებისა, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის ჯგუფების საერთო შეფასებაშიც, რაც არის ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის მთავარი არსი. სწორედ ამ საკითხების ირგვლივ შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ბევრისთვის მიმზიდველი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, საერთო შეფასების გათვალისწინებით, საქართველო კვლავ სოლიდურად უსწრებს მოლდოვას, ხოლო უკრაინას მხოლოდ სამ ჯგუფში - საგარეო ურთიერთობები, მწვანე დღის წესრიგი და რესურსები - ჩამორჩება.
მისი თქმით, საქართველო კიდევ უფრო დიდი უპირატესობით უსწრებს ბოსნია და ჰერცოგოვინას, რომელთანაც ასევე უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, დაწყებულია გაწევრიანების მოლაპარაკებები. საქართველო ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო 2014 წლიდან გეგმაზომიერად მიიწევს წინ ევროინტეგრაციის გაზაზე.
„ამავე დროს, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ ამ პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს“, - განაცხადა მან.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მსგავსი მიდგომა, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.