ბორელი საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია

© photo: Sputnik / Stringerჯოზეფ ბორელი
ჯოზეფ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2024
გამოწერა
ბორელის განცხადებით, საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და უნდა აჩვენოს „თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, დაწყებული საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით".
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენები საგანგაშოა, ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,96% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს დარღვევების შესახებ, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოაცხადეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი", - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
ბორელმა ცესკოს გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართა.
„საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღრიცხული დარღვევები, ზეწოლა და ამომრჩევლების დაშინება, რაც გავლენას ახდენს პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრას სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბორელის განცხადებით, საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და უნდა აჩვენოს „თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, დაწყებული საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით".
„არჩევნების სამართლიანობა და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი", - აღნიშნულია განცხადებაში.
ბორელის განმარტებით, მან მოუწოდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს, სამშაბათს შეიკრიბოს საქართველოში არსებული რთულ ვითარების განსახილველად და საკითხი ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შეიტანა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განმარტებით, ქართველი ხალხი თვეების განმავლობაში აჩვენებს დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლისადმი ერთგულებას. ისინი „იმსახურებენ სიცხადეს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდნენ მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობაში".
მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც ქმნიან პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
ექსპერტები ღნიშნავენ, რომ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არ იქნება პარალიზებული, რაც მმართველ პარტიას გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,96%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,034%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,166%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,809%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,769%.
ყველა ახალი ამბავი
0