საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წელს - პრემიერი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2024
გამოწერა
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ დაისახა ამბიციური მიზანი და აპირებს შექმნას ყველა პირობა, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. ამჟამად ევროკავშირის ხელმძღვანელობამ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ განაცხადა.
„ჩვენი ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისთვის ყველა პირობა იქნება მომზადებული, საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წელს“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მიღწევს პროგრესს ყველა თვალსაზრისით, როგორც ვალდებულებების შესრულების კუთხით, ისე ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით და ზოგადად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თუ ნებისმიერი სხვა ასპექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება.
„ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, მოსახლეობას ჰქონდეს ცხოვრების უკეთესი პირობები“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიზეზად „გამჭვირვალობის“ კანონის მიღება და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა დაასახელა.
საქართველო vs დასავლეთი
საქართველოსა და დასავლეთს შორის საჯილდაო ქვა გახდა რეზონანსული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
დასავლეთი აფრთხილებდა საქართველოს მთავრობას, რომ მსგავსი კანონმდებლობა დასავლურ ფასეულობებს არ შეესაბამება, მაგრამ რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0