რა ეტაპზეა თბილისის გარეუბანში „რადიოქალაქის" მშენებლობა?

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
ტერიტორია 12 ჰექტარს მოიცავს, პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 90 მილიონ ლარამდეა,
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტის - „რადიოქალაქის" პირველი ეტაპი რამდენიმე დღეში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, მუხიანში ტერიტორიის განვითარების პროექტს, რომელიც 2017 წელს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ბიზნესთან ერთად ახორციელებს. „რადიოქალაქის“ ტერიტორია 12 ჰექტარს მოიცავს, პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 90 მილიონ ლარამდეა, საიდანაც 43 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა.
„პროექტი სამი ეტაპისგან შედგება. პროექტის პირველი ფაზა სულ რამდენიმე დღეში დასრულდება და მომდევნო დღეებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავიდეთ ობიექტზე და დავათვალიეროთ იგი", - განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მერიამ პროექტის განხორციელებისთვის აუქციონი 2019 წელს გამოაცხადა, რომელშიც გაიმარჯვა შპს „ინდუსტრიულმა ქალაქმა“ („აჭარა ჯგუფში“ შემავალი კომპანია).
„ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომლითაც კომპანიას საკუთრებაში გადაეცა ყოფილი „რადიოქარხნის“ ტერიტორია. კომპანიამ აღნიშნული ქონების პრივატიზების სანაცვლოდ, მერიის ბიუჯეტში გადაიხადა 23 მლნ ლარზე მეტი. რა თქმა უნდა, კომპანიას აქვს ვალდებულებები, რა უნდა გააკეთოს და რა პროექტი განახორციელოს", - განაცხადა მან.
მერის თქმით, პროექტის უნიკალურობას განაპირობებს ისიც, რომ იგი თბილისის გარეუბანში შექმნის საინტერესო მიზიდულობის ცენტრს და ინოვაციურ სივრცეს.
„რადიოქალაქი" გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის მრავალ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის", - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, რადიოქალაქი გახდება ტექნოლოგიური სტარტაპების, საგანმანათლებლო პროგრამების, ტექ-კომპანიების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თავშეყრის ადგილი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს შორის ახალი კავშირებისა და ცოდნის მიმოცვლას.
ტერიტორიაზე უკვე მოეწყო საერთო სამუშაო სივრცე, რესტორანი და პადელის კორტები. პროექტი 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ყველა ახალი ამბავი
0