დარღვევები თუ ქარიშხალი ჭიქაში? „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობოების საჩივრები შეისწავლა

© Georgian Dream„ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ღონისძიება
„ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიება - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ხელისუფლება პოლიტიკურად მიკერძოებულებს უწოდებს, წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან დარღვევებზე საჯაროდ არაერთხელ განაცხადეს.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ბოლო ორი თვის განმავლობაში ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 53 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და წინასაარჩევნო აგიტაციის წესების შესაძლო დარღვევას შეეხება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ხელისუფლება პოლიტიკურად მიკერძოებულებს უწოდებს, წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან დარღვევებზე საჯაროდ არაერთხელ განაცხადეს. ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
„არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბოლო პერიოდში ხშირად გსმენიათ აპელირება, თითქოს ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში ამ მხრივ საკმაოდ პოზიტიური შეფასებები იყო”, - განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან საინფორმაციო ხმაური, თითქოს ხდება წინასაარჩევნო სერიოზული დარღვევები.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, 27 აგვისტოდან დაწყებული, საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და სოციალურ ქსელებში აქტიურობენ.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ODIHR-ის რამდენიმე რეკომენდაცია რჩება შეუსრულებელი - რაც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების დანიშვნას და წარდგენას, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პრევენციის ყოვლისმომცველ წესებს, კამპანიის დაფინანსებისა და ზედამხედველობის გაუმჯობესებული წესებს, მედიაში კამპანიების წარმართვის გაუმჯობესებულ წესებსა და საარჩევნო დავების მოგვარების ჩარჩოებოს გამყარებას.
არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები
პარლამენტის თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრების თემაზე პრეზენტაცია გამართა.
პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 53 არასამთავრობო ორგანიზაციიდან შესული საჩივრები პირობითად ორ ნაწილად დაყო: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევა.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე 39 საჩივარშია საუბარი. აქედან 32 საჩივარი ეხება საჯარო მოხელეების პოსტებს სოციალურ ქსელებში, რვა კი პარლამენტის წევრების ან „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში. პაპუაშვილმა არ გაამახვილა ყურადღება დარჩენილ ორ საჩივარზე.
საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევაზე საუბარი 14 საჩივარშია. აქედან შვიდ შემთხვევაში საუბარია საარჩევნო კომისიის წევრების პოსტებზე სოციალურ ქსელებში, ხუთი შემთხვევა ეხება მათ მონაწილეობას აგიტაციაში, ხოლო ორი შემთხვევა – აგიტაციაში საჯარო მოხელეების ჩართვას.
საჩივრების უმეტესობა, პაპუაშვილის თქმით, წვრილმანი ან აბსურდულია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოში საჩივრი შეიტანეს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის შესახებ სამუშაო საათებში, სამუშაო დღის დასრულებამდე ზუსტად 6 წუთით ადრე. კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა ეხებოდა სამუშაო დღის დასრულებამდე 12 წუთით ადრე სოციალურ ქსელში პოსტის განთავსების ფაქტს.
ერთ-ერთი საჩივარი ეხება „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატ ანტონ ობოლაშვილის ყოფნას ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში ხალხური პოეზიის ტრადიციულ ფესტივალზე „შოთაობა 2024“.
პაპუაშვილის თქმით, ანტონ ობოლაშვილი მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მის მოვალეობაში შედის. ამასთან, საჩივარში არ არის იმის მტკიცებულება, რომ ობოლაშვილი აგიტაციას ეწეოდა.
ხულოს რაიონში სპორტული დარბაზის გახსნაზე დასწრების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჩივარი ანზორ ბოლქვაძეზეც დაწერეს. საჩივარში წერია, რომ ის არის დეპუტატობის კანდიდატი და არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ამ რაიონის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია.
არასამთავრობოებისგან „მოხვდა" ოლიმპიურ ჩემპიონ გენო პერტიაშვილსაც, რომელიც მშობლიურ ქალაქ გორში ეროვნულ დღესასწაულს ესწრებოდა. პეტრიაშვილი „ქართული ოცნების” პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატია.
პაპუაშვილის თქმით, საჩივარში არ არის მითითებული, რომ პეტრიაშვილმა აგიტაცია ჩაატარა ამ ღონისძიებაზე, მაგრამ ნათქვამია, რომ გამოყენებული იყო „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა. როგორც აღმოჩნდა ეს იყო გარე რეკლამა - მმართველი პარტიის ერთ-ერთი საარჩევნო ბილბორდი, რომელიც პარტიას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვს განთავსებული.
პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთლიანობაში საჩივრები 45 ათასი საჯარო მოხელედან 32-თან (0,07%) და საარჩევნო კომისიის 53 ათასი წევრიდან 12-თან (0,02%) მიმართებით შევიდა.
„ზოგიერთი ორგანიზაცია ცდილობს ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას”, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მსგავსი საჩივრები შედის არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“, რომელიც, მათ შორის სასამართლოს მიერ, ცნობილ იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია 20 ოქტომბერს თბილისის ცენტრში გამართული მსვლელობის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. პაპუაშვილმა ამ მარშს უწოდა წინასაარჩევნო პარტიული ღონისძიება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„პირველად საქართველოს ისტორიაში, უცხოური ფულით ღიად მოხდა საარჩევნო ღონისძიების ჩატარება. თავად არღვევენ და შემდეგ ცდილობენ, რომ სხვას დააბრალონ დარღვევები”, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ ჩადენილ დარღვევებს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ან ვერ ამჩნევენ, ან თავადაც უჭერენ ამას მხარს. მაგალითისთვის მან დაასახელა ის ფაქტი, რომ ოპოზიციურმა ტელეკომპანიებმა „ტვ პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ მმართველი პარტიისთვის გამოყოფილი ხუთ საათზე მეტი უფასო სარეკლამო დრო დაბლოკეს.
ასევე იყო საარჩევნო ბილბორდების დაზიანების შემთხვევები ქუთაისსა და გონიოში, საარჩევნო პლაკატების დაზიანება გორში, ხარაგაულში, თბილისსა და ზუგდიდში, ასევე საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლის შემთხვევები ქუთაისში, ზუგდიდსა და ხარაგაულში.
„ადგილობრივი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები, უკვე ყველანაირად ჩანს, რომ ყალბი ანგარიშების გამოქვეყნებისთვის ემზადებიან, ამიტომაც სდუმან ამასთან დაკავშირებით“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ყველა ახალი ამბავი
0