პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ დაასახელებს

© President of Georgia leli blagonravovaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბევრი იფიქრა, მოძებნა და შეჯერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გაითვალისწინებს „ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების აზრს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაასახელებს.
ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ აპირებს საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა წარადგინოს. საპასუხოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას", დაადასტურეს თავიანთი ერთგულება, თუმცა აღნიშნეს, რომ ტექნიკური მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე საუბარი მხოლოდ არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ ღირს.
„ქართულ ქარტიაში" წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. პრემიერობის ერთი კანდიდატი მყავს, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვეძებე და შევჯერდი. მე ანგარიშს ვუწევ 4 პარტიას, რადგან არ უნდა იყოს არანაირი დისონანსი, მათგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ქარტიასთან მიმართებით ოპოზიციის ინტერპრეტაცია მართალია.
„ქარტიაში არ წერია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა იყოს წარდგენილი თუ მანამდე. რადგან უმრავლესობის ხედვა ასეთი იყო, ჯობს არჩევნების შემდეგ იყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდება, გაუადვილდებათ შეთანხმებას ნეიტრალური პრემიერის ირგვლივ, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა იმ გაგებით, რომ ის არ იქნება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.
ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული, ამაზეც არჩევნების შემდეგ, დავიწყებთ მსჯელობას, აღნიშნა მან.
„ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ მე არსად მივდივარ, აქ ვარ. არჩევნების მერე აქ ვიქნები და ძალიან გავუფრთხილდები ამ ქვეყნის სტაბილურობას. ძალებს მოვიკრებ იმისთვის, რომ ასე მოხდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა ამომრჩეველს, რომ არ შეეშინდეთ და ხმა მისცენ იმას, ვინც მათ მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოსაა.
„ნუ გეშინიათ ხმა მისცეთ იმას, ვინც თქვენს მსოფლმხედველობასთან ახლოა. იცოდეთ, რომ ეს პარტიები ჩემს წინაშე არიან ვალდებულეი და პასუხისმგებელი, რომ შეასრულონ „ქართული ქარტია“, რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რათა ძალიან სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ეს ოთხი პარტია არის მედიატორი იმისთვის, რომ არჩევნებზე მიიღონ ის პროცენტები, რომელიც შექმნის შესაძლებლობას მარტივად მიიღონ „ქართული ქარტიით" გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმება.
„ნუ გეშინიათ და „ქარტიის“ ხმები მეც მომეცით ამ ფორმით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბოლო პერიოდში ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს.
ქარტიის მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კომპლექსური რეფორმები უნდა ჩატარდეს და ისინი ტექნიკურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ზურაბიშვილმა „ქართული ქარტია" 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარადგინა. ქარტიას ხელი მოაწერეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არჩევნებზე ოთხი კოალიციის შემადგენლობაში მიდიან.
ზურაბიშვილის ქარტია
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს: თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ყველა ახალი ამბავი
0