ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
გამოწერა
საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება, აცხადებენ ეროვნულ ბანკში
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ის დონეზე დარჩა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში კი 8%-მდე შემცირდა.
„ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს”, -აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება. 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე ნაკლებია. მიმდინარე წლის სექტემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0,6%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0,8% შეადგინა.
„ფასების სტაბილურობა, უმეტესწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, როგორც დროული გამკაცრების, ისე ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში კი, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 18 დეკემბერს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0