ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო
© Сourtesy of Georgian Governmentანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო
გამოწერა
ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. დაიწყო საქართველოსთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება გაწყვიტა და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
„დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას. ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან, უკვე შეუდგა სამუშაოებს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე არის მნიშვნელოვანი პროგრესი.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროექტის პირველ ეტაპზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. მისი თქმით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.
ბელგიური კომპანია Jan de Null 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი.
კობახიძემ მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული. კერძოდ, როგორც პრემიერმა განაცხადა, კომპანიას სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის გაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.
„დამეთანხმებით, რომ ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და ჩვენ მოხარულები ამ კომპანიის ჩართულობით ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს. ამ მასშტაბურ პროექტში სახელმწიფოს კერძო პარტნიორი გახდა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte. იგი იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც ინტერესი გამოხატა პორტის განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელებაში.
„რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც საპარტნიორო შეთანხმება და საკონცესიო შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს უსაფრთხოებას.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ანუ 2029 წლისთვის ანაკლიის პორტი პირველ გემებს მიიღებს, ამიტომაც მისი მოლოდინია, რომ სამუშაოები უფრო მაღალი ტემპით წარიმართება.
„სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას და პორტის ოპერირების დაწყებას", - აღნიშნა მან.
„10 წელიწადში ვერავინ იცნობს საქართველოს. როდესაც ვუყურებ ფუნდამენტურ საკითხებს, მიდგომას და სულისკვეთებას, თუ როგორ ზრუნავთ ეკონომიკაზე, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს კიდევ ერთი ოქროს ხანა ელოდება“, - განაცხადა ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის დირექტორმა იან დე ნულმა ცერემონიაზე.
წარუმატებელი პირველი მცდელობა
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
„შუა დერეფნის" როლი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოქმედი შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უკავია. საქართველოს როლის გაძლიერებისთვის ხორციელდება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიას და ევროპას აკავშირებს.