საქართველოს ეკონომიკის ზრდის დაჩქარება მთავრობის პრიორიტეტია - პრემიერი

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2024
გამოწერა
წინა სამ წელიწადში საშუალო ზრდა იყო 9,7%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება და მისი დაჩქარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სწრაფად იზრდება. 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იყო 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%. საქართველოში 2024 წლის აგვისტოში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალური ეკონომიკური ზრდა 12% იყო, ხოლო 2024 წლის იანვარ-აგვისტოში მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა - 10%.
„ჩვენ წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამა, რომლის მიხედვითაც 4 წლის თავზე ჩვენი ეკონომიკა მიაღწევს 130 მლრდ ლარს, ჩვენი ბიუჯეტი გადააჭარბებს 40 მლრდ ლარს, 4%-მდე შემცირდება უმუშევრობა, 4%-მდე შემცირდება სიღარიბე. ამისთვის გვჭირდება იმ ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რომელიც გვაქვს აღებული ეკონომიკური ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზები ეკონომიკის ზრდის კუთხით უმჯობესდება.
„რა თქმა უნდა, კარგია, რომ პროგნოზები უმჯობესდება, თუმცა გვინდა, რომ ამ პროგნოზებსაც დამატებით გადავაჭარბოთ. ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა“, - განაცხადა პრემიერმა.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ექნება. ADB-ის სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 7%, მაშინ, როცა აპრილის პროგნოზით 5%-ს შეადგენდა. ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის სტაბილური ზრდა 2025 წელშიც შენარჩუნდება და 5,5%-ის ნიშნულზე იქნება.
საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზს ივნისში გადახედა მსოფლიო ბანკმაც და მაჩვენებელი 5,2%-მდე გაზარდა, მაშინ როცა იანვარში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,8%-ით იწინასწარმეტყველა. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი 2025 წელს საქართველოს მშპ-ის 5%-ით ზრდას ელის.
„პირველი რვა თვის მონაცემებით წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზუსტად 10%. ჩვენ წინა 3 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა 9,7%, რაც არის ევროპაში, რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში მოსახლეობის 30% (1.120.000 ადამიანი) სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 11,8%-მდე (440 ათასი) შემცირდა. „ქართული ოცნების“ დაპირებების თანახმად, 2028 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 150 ათასამდე შემცირდება და 4%-ს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2024 წლის მეორე კვარტალში 13,7% შეადგინა, რაც 3,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 17,7%-ით შემცირდა და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დასაქმების მაჩვენებელი 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0