მეგობრობას ძირს უთხრიან - პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციაზე

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიბუნდესტაგი
ბუნდესტაგი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2024
გამოწერა
მიმდინარე კვირაში ეს მეორე კრიტიკული რეზოლუციაა საქართველოს მიმართებით მიღებული.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის პოლიტიკასა და დიპლომატიაში არის ხალხი, რომლებიც საქართველოს და გერმანიის განსაკუთრებულ მეგობრობას მოკლევადიანი მიზნების გამო ძირს უთხრიან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება. გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატები ასევე მოითხოვენ სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებას და აუცილებლობად თვლიან ეს იქცეს პირობად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესისთვის.
„ყველამ და უპირველეს ყოვლისა, გერმანიის ხელისუფლებამ კარგად იცის, თუ რა განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება გვაქვს ქართველ ხალხს გერმანიის, როგორც სახელმწიფოს მიმართ და ასე რომ ანიავებენ ქართველი ხალხის ამ ნდობას, ასე წყალს უყენებენ და ძირს უთხრიან წინდაუხედავად, რაღაც მოკლევადიანი მიზნების გამო, ეს არის გულსაკლავი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
თუმცა, მეორეს მხრივ, როდესაც ჰანს გენშერის (გერმანელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრი (1974-1992) - რედ.) ქვეყანაში მიხაელ როთს ექნება საგარეო ურთიერთობები ჩაბარებული, იქ უკვე გასაკვირი არაფერი არ არის, დასძინა სპიკერმა.
მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესში ჩარევაში დაადანაშაულა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც ღიად უჭერს მხარს ქართულ ოპოზიციას და საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ კოშმარს“ უწოდებს.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.
„ჩვენ დავინახეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, გერმანიის ორმა უმსხვილესმა პარტიამ, მხარი არ დაუჭირეს ამ რეზოლუციას, რაც, ერთის მხრივ, ყველაფრის მანიშნებელია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
რეზოლუციის პროექტი მმართველი პარტიების - „სოციალ-დემოკრატიული პარტიის", „მწვანეებისა" და „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" დეპუტატების ხმებით მიიღეს. წინააღმდეგ ხმა მისცა საპარლამენტო ჯგუფმა „სარა ვაგენკნეხტის კავშირი" (SSV), „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) და კონსერვატორებმა. „მემარცხენეებმა“ თავი შეიკავეს.
მიმდინარე კვირაში ეს მეორე კრიტიკული რეზოლუციაა საქართველოს მიმართებით მიღებული. ევროპარლამენტის მიერ 9 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში საუბარია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმებაზე. ასევე არის ევროკავშირისადმი მოწოდება გაყინოს საქართველოს მთავრობისთვის ყველა დაფინანსება და შემოღებულ იქნას სანქციები „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
მმართველ პარტიაში განაცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი მკაცრი რეზოლუცია არის არა მხოლოდ ქვეყნის საქმეებში ჩარევა და ომისკენ მოწოდება, არამედ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მცდელობა.
ყველა ახალი ამბავი
0