ვოლსკი: ევროპარლამენტის რეზოლუცია - არჩევნების წინ საქართველოს საქმეებში ჩარევაა

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2024
გამოწერა
რასაც ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, შეიძლება გამოიწვიოს შეიარაღებული კონფლიქტი, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და წარმოადგენს არჩევნების წინ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
რეზოლუციაში საუბარია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმებაზე. ასევე არის ევროკავშირისადმი მოწოდება გაყინოს საქართველოს მთავრობისთვის ყველა დაფინანსება და შემოღებულ იქნას სანქციები „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
„საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქციების შემოღება რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოსთვის ამას ექნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტი”, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ანტირუსული სანქციების შემოღების შედეგები შეიძლება უფრო საშიში იყოს.
„ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. ასე რომ, ჩვენ ამ რეზოლუციას განვიხილავთ, როგორც ანტიქართულ რეზოლუციას და არა მთავრობის საწინააღმდეგოს”,- აღნიშნა ვოლსკიმ.
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, მთელი რიგი ევროპული ქვეყნები ინტენსიურად და დიდი მასშტაბით ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ენერგორესურსებით - მაგალითად, ლიეტუვა საქართველოზე მეტ ღვინოს აწვდის რუსეთს.
„ვფიქრობ, რეზოლუცია პოლიტიკურად არის ანგაჟირებული…არჩევნების წინ ასეთი რეზოლუციის მიღება წარმოადგენს არა მარტო შიდა საკითხებში ჩარევას, არამედ დაუოკებელ სურვილს, როგორმე საქართველოში შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ განვითარება მიეცეს იდეას საომარ თუ ეკონომიკური ბრძოლის პროცესებში ჩართვის შესახებ”, -განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ევროკავშირში ამ იდეის მატარებელი, სამწუხაროდ, ბევრია და ისინი წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ ფილიალს”.
„არავისთვის ახალი არ არის, რომ სააკაშვილი არის ადამიანი, ვინც დანერგა სადისტური მართვის სისტემა, გესტაპოს მეთოდები არის სააკაშვილის შემოქმედების ნაწილი. გარდა ამისა, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა სწორედ მისი უჭკუო და მოღალატეობრივი პოლიტიკით არის განპირობებული”, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოწოდება ევროპარლამენტარების მიკერძოებულობაზე მეტყველებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ მსგავსი მხარდაჭერით სარგებლობდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დატაცებული ფულით გახდა მილიონერი.
კეზერაშვილი, რომელსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის სექტემბერში დაუსწრებლად შეუფარდა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებისთვის, ნახსენებია ევროპარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში. 2019 წელს კეზერაშვილმა, როემლიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, საქართველოში დააარსა ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულა“.
ყოველივე ზემოთქმულს და ამავდროულად „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებას ვოლსკიმ უწოდა „შეთქმულება საქართველოს წინააღდეგ”.
„ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, არც ერთხელ არ გადაუდგამს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯი და არც საგარეო კურსი შეგვიცვლია. მას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსულ ინტერესებს ეხმარება საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, განსხვავებით იმ ხელისუფლებისგან, რომელიც 2012 წლამდე საქართველოში ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ევროპარლამენტმა 9 ოქტომბერს საქართველოს მიმართ რიგით მეოთხე მკაცრი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე - 2024 წლის 25 აპრილს. გარდა ამისა, 2023 წლის 15 თებერვალს ევროპარლამენტმა სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0