კალაძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2024
გამოწერა
რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუციას „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“ საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან და ევროპული ღირებულებებთან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
რეზოლუციაში საუბარია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმებაზე. ასევე არის ევროკავშირისადმი მოწოდება გაყინოს საქართველოს მთავრობისთვის ყველა დაფინანსება და შემოიღოს სანქციები „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
„ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს! კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ სააკაშვილი უპირობოდ უნდა იყოს გამოშვებული - წარმოგიდგენიათ?!... გვეუბნებიან, რომ უპირობოდ უნდა გამოვუშვათ ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა", - განაცხადა კალაძემ.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე მოწოდებასთან დაკავშირებით კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება და წინა თაობები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი და სუვერენული და არა იმისთვის, რომ მას მსგავსი მითითებები მისცენ.
„ჩვენ ვიცით რა არის ომი და რამდენი უბედურება მოაქვს მას. ვიცით, რა შეიძლება მოიტანოს სანქციებმა. ჩვენ რომ სუსტი ხელისუფლება ვყოფილიყავით, ვიღაცების შეგვშინებოდა და სანქციებს მივერთებულიყავით დაზარალდებოდა ის გლეხი, ვინც შრომობს", - განაცხადა კალაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანტირუსული სანქციების შემოღებით საქართველოს ეკონომიკა დაზარალდებოდა.
„ალბათ, ეს იყო მიზანი (მათ, ვინც საქართველოს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა - რედ.)", - დასძინა მან.
მისი თქმით, აქამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებას მეორე-მესამე პირები აჟღერებდნენ, ახლა კი ეს რეზოლუციაში შევიდა.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ რაღაცებთან დაკავშირებით. უფრო მნიშვნელოვანი და მძიმე თემები იყო, მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში ხელის გადაგრეხის მცდელობა იყო, ისე მოვქცეულიყავით და გადაგვედგა ნაბიჯი", - განაცხადა კალაძემ.
უკრაინაში საომარი მოქმედებები დაწყების შემდეგ ევროპარლამენტმა 9 ოქტომბერს საქართველოს მიმართ მეხუთე მკაცრი რეზოლუცია მიიღო. მას მხარი 720 დეპუტატიდან 495-მა დაუჭირა, წინააღმდეგ 73 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
ყველა ახალი ამბავი
0