კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

© Сourtesy of Georgian Governmentთბილისი-საგარეჯოს გზა
თბილისი-საგარეჯოს გზა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2024
გამოწერა
კახეთის მაგისტრალის ყველა მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობას მხოლოდ 1 საათი და 20 წუთი დასჭირდება, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისი-საგარეჯოს ავტომაგისტრალის განახლებული 35-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმ საერთო პროექტის განხორციელებაში, რასაც ქვეყანაში სატრანსპორტო კვანძის განვითარება ჰქვია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანის ნაწილია. ახალი მაგისტრალი გვერდს უვლის დასახლებულ პუნქტებს და თითქმის ორჯერ ამცირებს მგზავრობის დროს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით.
„სტრატეგიული მდებარეობის წყალობით საქართველო ბუნებრივ ხიდს წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის. ჩვენს ქვეყანაზე გადის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უმოკლესი გზა და, რა თქმა უნდა, რეგიონული კრიზისის ფონზე იზრდება „შუა დერეფნის“ აქტუალობა. ასეთი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ფუნქციის გაზრდას ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების, განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკური ზრდისთვის, რეგიონული განვითარებისთვის, მობილობის გაძლიერებისთვის, სოციალური და კულტურული კავშირებისთვის; ასეთი გზები ამცირებს მგზავრობის დროსა და მანძილს;
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კახეთის მაგისტრალის ყველა მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობას მხოლოდ 1 საათი და 20 წუთი დასჭირდება.
„საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გაძლიერების მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ავტომაგისტრალების განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით, მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კილომეტრი.
როგორც კობახიძემ განმარტა, დასრულების ფაზაშია საუკუნის პროექტის - რიკოთის ჩქაროსნული გზის მშენებლობა. გარდა ამისა, დასრულებულია ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი მთავარი და საევაკუაციო 9 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბების გაჭრა.
მისი თქმით, 2012 წელს აშენებული იყო მხოლოდ 68 კმ მაგისტრალური გზა, 2024 წლისთვის უკვე გახსნილია 4-ჯერ მეტი - 341 კმ მაგისტრალური გზა, მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, გაიხსნება კიდევ 90 კმ-მდე მაგისტრალური გზა.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის ოთხზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი.
გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 502 661 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ყველა ახალი ამბავი
0