მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ETERNITY 2024 დასრულდა

© Courtesy of Ministry of Defence of Georgia სწავლება Eternity-2024
სწავლება Eternity-2024 - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2024
გამოწერა
ETERNITY 2024 მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2024 დასრულდა, რომელშიც თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
Eternity მიზნად ისახავს სამი ქვეყნის ტერიტორიებზე საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა ეკონომიკური პროექტის უსაფრთხოების დაცვის სფეროს მონაწილეთა უნარ-ჩვევების, ოპერატიული, სასწავლო და ანალიტიკური შესაძლებლობების ამაღლებას, ასევე იმ დანაყოფების თანამშრომლობის სრულყოფას, რომლებიც ამ პროექტების დაცვაზე არიან პასუხისმგებელი.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა, სადაც სამხედროებმა საინჟინრო განაღმვის, მოწინააღმდეგეზე იერიშის, სამედიცინო ევაკუაციისა და სხვა ამოცანები შეასრულეს.
საველე წვრთნებში შსს-ის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფიც მონაწილეობდა.
„საჩვენებელი სწავლების შემდეგ სტუმრებმა გადაინაცვლეს კრწანისის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში, სადაც საშტაბო კომპონენტს გაეცნენ და სწავლების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი მოისმინეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მაღალჩინოსნებმა, ასევე საქართველოში თურქეთის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ ETERNITY 2024-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს.
საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2024 თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა.
სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს.
სწავლება Eternity პირველად 2014 წელს ჩატარდა. მსგავსი წვრთნები ბოლოს ბაქოში 2019 წელს გაიმართა. საქართველო სწავლებაში 2019 წლიდან მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0