უკრაინელები ომის კადრებს იუმორისტული მიზნებისთვისაც კი იყენებდნენ - პრემიერ-მინისტრი

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2024
გამოწერა
ასე უპასუხა კობახიძემ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებულ კრიტიკას, სადაც უკრაინაში ნგრევის კადრებია ასახული
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. უკრაინელებმა 2008 წლის ომის ამსახველი კადრები იუმორისტული მიზნებისთვისაც კი გამოიყენეს, საქართველოს მმართველმა პარტიამ კი საარჩევნო ბანერებზე უკრაინაში მომხდარი ნგრევის ფოტოები განათავსა, რათა ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს - „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რომელიც მთელი ძალით იბრძვის მშვიდობისთვის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, აღიქვამდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება მეგობრულ ჟესტად თუ ზნეობრივ საქციელად, რომ უკრაინას საარჩევნო მიზნებისთვის სოხუმში ბოლო ომის კადრები გამოეყენებინა. ეს შეკითხვა კობახიძეს დაუსვეს გმირთა მემორიალთან, სადაც ყოველწლიურად, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
„მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური რეკლამით ახსენებს საზოგადოებას იმის შესახებ, რა შედეგები მოაქვს შეიარაღებულ კონფლიქტს და რა არ დაუშვა ხელისუფლებამ 2022-2023 წლებში.
საქართველოს პრემიერმა უარი თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებაზე, რომელმაც დაუშვებლად მიიჩნია პოლიტიკურ რეკლამაში კონფლიქტის საზარელი შედეგების ასახვა. უკრაინის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მმართველ „ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ კონფლიქტის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.
„არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ – „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა რეკლამამ აჟიოტაჟი გამოიწვია>>
„მიუღებელი არის ის, რაც ხდება უკრაინაში. რაც შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ბანერებზე ნანგრევების გამოსახვა - ეს იმის დემონსტრირებაა, რას გადაურჩა საქართველო.
„რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ, სხვათა შორის ძალიან დიდი ბრძოლის ფასად“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ არა ხელისუფლების სწორი ნაბიჯები, 2022-2023 წლებში საქართველო უკრაინის ბედს გაიზიარებდა.
„იმავეს აპირებენ ვიღაც ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, თუ ღმერთმა არ ქნას და საზოგადოებამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტებს მიმართა. მისი თქმით, ეს ტელევიზიები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის რომანტიზებას ცდილობენ.
„ძალიან ხშირად მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პოლიტიკური პარტიები, თქვენი ენჯეოები იმას, რაც ხდება უკრაინაში წარმოაჩენენ რომანტიკულად, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამასაც აკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი შეაგუოთ ომის იდეას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ისინი, ვისაც საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა სურს, ამას ვერ მიაღწევენ.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის პიკია. 26 ოქტომბერს მოქალაქეები აირჩევენ ახალი მოწვევის პარლამენტს. არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ვის ჩაბარდება ქვეყნის მართვის სადავეები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ყველა ახალი ამბავი
0