საქართველოში სულ უფრო მეტი ქალი ინტერესდება ბიზნესით - მინისტრის მოადგილე

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaირაკლი ნადარეიშვილი
ირაკლი ნადარეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2024
გამოწერა
მთავრობა მზად არის იმუშაოს ყველა ინიციატივაზე, ბიზნესში ქალთა უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე ქალების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე „ქალები ბიზნესში“ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ბიზნესში ქალების უფრო აქტიური მონაწილეობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამიტომ ქვეყანა ქალთა მეწარმეობის წახალისების მიზნით არაერთ პროგრამას ახორციელებს.
„უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები - პროექტებში, რომლებიც ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, ქალთა მონაწილეობა გაზრდილია 30% დან 65% მდე. ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა, რომ უფრო მეტი ქალი ინტერესდება სამეწარმეო საქმიანობით“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
„იმ ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა საქართველოში, სადაც ქალები მონაწილეობენ დამფუძნებლებად, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით 33 პროცენტამდეა გაზრდილი. თუმცა ჯერ ისევ დაბალია ქალების წილი სამუშაო ძალაში. საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43 პროცენტია მაშინ, როდესაც მამაკაცების ჩართულობა 65 პროცენტს შეადგენს,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2021 – 2025 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიაში ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, სამინისტროში დაიწყეს გენდერული სტატისტიკის წარმოება ყველა იმ პროგრამის მიხედვით, რომელსაც უწყება ახორციელებს.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც „აწარმოეს“, ისე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებში ქალთა მონაწილეობა ყოველწლიურად იზრდება.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა მიკროსესხების პროგრამაზე, რომლის განხორციელებაც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან დაიწყო და რომელიც ქალი მეწარმეებისთვის დამატებით შეღავათს ითვალისწინებს.
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 ათას ლარს.
პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 ათას ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია.
პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭება მთის დასახლებებში ბიზნესის დაწყებას და მეწარმე ქალთა მხარდაჭერას.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე, რომლებიც ასევე ითვალისწინებს ეკონომიკასა და ბიზნესში ქალთა ჩართულობის ზრდას.
მისი თქმით, სააგენტოს მიერ 600-ზე მეტი ქალი გადამზადდა ტექნოლოგიური უნარების განვითარების მიმართულებით.
„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პლატფორმა Do IT in Georgia, რომლის მონაწილეთა 60 პროცენტი ქალია,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პროგრამა პრიორიტეტს ანიჭებს მთის თემებში ბიზნესის დაწყებას და მეწარმე ქალთა მხარდაჭერას.
გარდა ამისა, ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ უწყება მზად არის იმუშაოს ყველა ინიციატივაზე, რაც ბიზნესის მხრიდან იქნება წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში ქალთა უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
ყველა ახალი ამბავი
0