ვინ წერს რევოლუციურ სცენარებს და ახდენს გავლენას დასავლურ პოლიტიკაზე?
© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რევოლუციური ინსტრუქციები ნათლად აჩვენებს Deep State-ის გავლენას ევროკავშირის პოლიტიკაზე, აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რევოლუციური ინსტრუქციები აყალბებს „რეკომენდაციებს“ იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ევროკავშირმა და აშშ-მ საქართველოსთან მიმართებით და ნათლად ასახავს Deep State-ის გავლენას დასავლურ პოლიტიკაზე, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“. განცხადებაში.
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა, ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, განიხილოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ საკითხი. ეს საკითხი დასახელებულია იმ შვიდ ქმედებას შორის, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკოსებმა უნდა განახორციელონ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე. სხვა საკითხებთან ერთად დასახელებულია სანქციების დაწესება მმართველი ძალის ლიდერების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„20 სექტემბერს გამოქვეყნდა „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს „რეკომენდაციებს“, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში. აქ ის გარემოებაა მნიშვნელოვანი, რომ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია წერს სცენარს, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ როგორც აშშ-ის ოფიციალურმა სტრუქტურებმა, ისე ევროკავშირმა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, მაკკეინის ინსტიტუტის გეგმის ზოგიერთი პუნქტის განხორციელება მის გამოქვეყნებამდე დაიწყო.
საუბარია საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე 26 ოქტომბრის არჩევნების დელეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ევროკავშირის სხვა ბიუროკრატებისგან წამოსული მუქარა უვიზო რეჟიმის თუ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე.
ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების შეფასებისას დაეყრდნობიან „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) - ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რამაც მართალია, საბოლოო მიზნამდე, ანუ ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილებამდე ვერ მიიყვანა, მაგრამ შექმნა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი, რითიც შეარყია ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება, ნათქვამია განცხადებაში.
„შესაბამისად, პაველ ჰერჩინსკის განცხადება მხოლოდ ასე შეიძლება გავიგოთ: რადგან უკვე ვხედავთ, რომ აშშ-ის და ევროკავშირისთვის სასურველი ძალები, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში ვერ იმარჯვებს, წინასწარ მზადდება ნიადაგი არჩევნების არასამართლიანად და არალეგიტიმურად გამოცხადებისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორთა თქმით, მაკკეინის ინსტიტუტის გეგმა საქართველოში გადატრიალების და სასურველი აგენტურული ხელისუფლების მოყვანის შესახებ, გამოქვეყნებულია ლორა ტორნტონის სახელით, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა NDI-ის თბილისის ოფისს და რომელიც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეწეოდა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას − მანიპულირებდა საზოგადოებრივ აზრზე, აქვეყნებდა ცრუ კვლევებსა და ანგარიშებს.
თუმცა, აქ მეტად საყურადღებოა მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი და მთავარი ფიგურა − ეველინ ფარკასი - Deep State-ის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი.
საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, ეველინ ფარკასი 2012-2015 წლებში ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, რომლის საკურატორო სფეროშიც შედიოდა უკრაინა, რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია.
გარდა ამისა, ფარკასი, ვიქტორია ნულანდთან ერთად, მონაწილეობდა კიევის „მაიდანის“ მომზადებასა და განხორციელებაში. აშშ-ში მას ომის წამქეზებელთა (warmongers) რიგებს მიაკუთვნებენ.
„ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეველინ ფარკასი 2022 წლის სექტემბერში საქართველოს ღიად მოუწოდებდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ომში ჩართვისაკენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღესაც სწორედ ეველინ ფარკასი უწერს სამოქმედო გეგმას აშშ-ის ოფიციალურ სტრუქტურებს და გარდა ამისა, მითითებებს აძლევს ევროკავშირის ბიუროკრატიასაც", - ნათქვამია განცხადებაში.
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რევოლუციური ინსტრუქციები ნათლად აჩვენებს Deep State-ის გავლენას ევროკავშირის პოლიტიკაზე, აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
„სხვაგვარად ვერ აიხსნება, თუ როგორ ხდება, რომ ერთ-ერთი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ქმნის გარკვეულ დოკუმენტს, რომლის განხორციელება დაუყოვნებლივ იწყება ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.
ეს არის გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა, რომელსაც, განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების წინ თვალს ადევნებს ქართველი ხალხი.
ამასთან, განცხადების ავტორების თქმით, ზედმეტად მკაფიოა მიზეზები, თუ რატომ არის უდიდესი კამპანია მიმართული საქართველოს წინააღმდეგ. მხედველობაში მიიღება თავდასხმის მასშტაბები როგორც აშშ-დან, ისე ევროკავშირიდან, რომელიც მოჰყვა პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ქვეყნისთვის საზიანო დავალებებს − ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობის და კანონით გამაგრების ნაცვლად, იცავს ბავშვებს მავნე ზემოქმედებისგან და უფრთხილდება ოჯახურ ღირებულებებს, არ თმობს სუვერენიტეტს ვაშინგტონისა და ბრიუსელის სასარგებლოდ და აწარმოებს პოლიტიკას ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით; აშშ-ის მმართველი ძალების გლობალური ინტერესების გამო არ წირავს ქვეყანას დამანგრეველ ომში ჩართვით", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორთა აზრით, სწორედ ამ ყველაფრის შეცვლას ისახავს მიზნად მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული რევოლუციური ინსტრუქციები.
„კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ საქართველო იმყოფება ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკურ ტყვეობაში და ის მხოლოდ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, რათა ქვეყანა აიძულონ, დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი თქმით, ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს კითხვას: რამდენად ღირს, რომ კონსტიტუციაში ქვეყნის მთავარ მიზნად ჩაწერილი იყოს იმ კავშირში გაწევრიანება, სადაც „არ გველიან ჩვენი ღირებულებებით, ეროვნული იდენტობით და სუვერენული გადაწყვეტილების უფლებით?“.
გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
ამასთან, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.