როდის იქნება გრიპის ვაქცინა საქართველოში - ივანე ჩხაიძის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2024
გამოწერა
ვაქცინა იქნება უფასო რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის, ასევე ჯანდაცვის მუშაკებისთვის და ჭარბი წონის მქონე პირთათვის
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს მოქალაქეებისთვის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება ხელმისაწვდომი, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შეისყიდის. 2023 და 2022 წლებში შეძენილია 200 ათასი დოზა.
„ოქტომბრის პირველ ნახევარში ქვეყანაში იქნება უკვე ვაქცინა შემოსული და ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შეგვეძლება ვაქცინაციის პროცესის დაწყება. ჩვენ მოსახლეობას საუკეთესო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა ექნება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
რისკის ქვეშ მყოფი პირები, ისევე როგორც წინა წლებში, ვაქცინას სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებენ. რისკის ჯგუფში ძირითადად შედიან ორსული ქალები, მოხუცები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.
გარდა ამისა, ვაქცინა უფასო იქნება ჯანდაცვის მუშაკებისთვის და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის.
როგორც ჩხაიძემ განმარტა, რისკის ჯგუფში შედიან 2 წლამდე ბავშვები, ასევე 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა.
„რისკის ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით, პირველ რიგში ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებული აქცენტით 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე. გრიპის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან. ამიტომ 6 თვიდან 5 წლამდე არის ასაკი, როდესაც ჩვენ მშობლებს ვურჩევთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ბავშვებში“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
საქართველოში გრიპთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის რამდენჯერმე გახანგრძლივდა უფასო ვაქცინაციის ვადები. 2023 წელს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდეს ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა Sanofi Pasteur-ის 200 ათასი დოზა. ეს ერთ-ერთია იმ ვაქცინებს შორის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დაშვებული.
ყველა ახალი ამბავი
0