გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული დააკავეს - მედია

© Sputnik / Alexander Imedashviliგივი თარგამაძე
გივი თარგამაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2024
გამოწერა
ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს საზღვარზე აიყვანეს.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა დააკავეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული, რომელიც რვა წლის განმავლობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
დაკავებული დავით (დარჩო) ხეჩუაშვილია, რომელსაც დაუსწრებლად 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღვარზე აიყვანეს.
ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის 2012 წლის შემდეგ უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა. გამოძიების ცნობით, მან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქა. მასშტაბური გამოძიების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობი იყო ხეჩუაშვილის ადგილსამყოფელი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზეზად ამჯერადაც მოვლენების პროვოცირება სახელდება.
2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის ავტომობილი თბილისის ცენტრში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში დეპუტატი და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო რამდენიმე გამვლელი სერიოზულად დაშავდა.
გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა >>
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის თებერვალში დარჩო ხეჩუაშვილი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვა-ტარების, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ჩადენისთვის და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
ყველა ახალი ამბავი
0