თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრის გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულს, ამჟამად ძებნილ დავით ხეჩუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებულები გამოავლინეს>>>
გივი თარგამაძის ავტომობილი თბილისის ცენტრში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 2016 წლის 4 ოქტომბერს ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში დეპუტატი და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო რამდენიმე გამვლელი სერიოზულად დაშავდა. პოლიციამ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად ცნობილი გახდა სავარაუდო ბრალდებულის დავით ხეჩუაშვილის ვინაობა, მასზე ძებნა გამოცხადდა.
უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა დავით ხეჩუაშვილმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მიზნით დაგეგმა და ორგანიზება გაუწია პარლამენტის წევრზე თავდასხმას. კერძოდ, მან თარგამაძის „შკოდა ოქტავიას" მარკის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა და მოქმედებაში მოიყვანა, რის შედეგადაც ავტომანქანა აფეთქდა.
პროკურატურის ცნობით, ხეჩუაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და ამჟამად მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.ხ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვა-ტარების, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ჩადენისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის I ნაწილის „გ", II ნაწილის „ე" და III ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით, 236 მუხლის II, III და IV ნაწილებით, და 187 მუხლის II და III ნაწილებით", – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მიმართ. ბრალდებულის თანამზრახველების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.