Bakuriani-2025: საქართველო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აქტიურად ემზადება
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
გამოწერა
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისსა და ბაკურიანში 2025 წლის თებერვლის დასაწყისში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა აქტიურ ფაზაშია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანს და 3,5 კმ სიგრძის ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონზე მეტი ლარით ფინანსდება.
„ამ პროექტების რეალიზების შედეგად ქვეყანას ექნება ოლიმპიური სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ფესტივალის მიზნებისთვის, არამედ სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებისთვის დიდ როლს შეასრულებს", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანსა და თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
მისი თქმით, სუსტ გრუნტთან და გეოლოგიურ სირთულეებთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ბიატლონის ტრასის მიწის სამუშაოების 100% და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის 70% დასრულებულია. ასევე, სრულდება ყინულის სასახლის გადახურვის სამუშაოები, რითაც დასრულდება შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და დაიწყება საინჟინრო სისტემების მონტაჟი.
ორივე ინფრასტრუქტურა, აუცილებელი სტანდარტის სრული დაცვით, მზად იქნება 2025 წლის ევროპის ზამთრის ფესტივალის ღირსეული მასპინძლობისთვის, დასძინა მინისტრმა.
ბაკურიანში ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რბოლის ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტრო სისტემებიც. დასრულების ეტაპზეა თბილისის ყინულის სასახლის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და სამუშაოები ორივე პროექტზე მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებისთვის გათვლილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. სასახლის შენობაში მოეწყობა ყინულის მოედანი (60მX30მ), სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი, სამედიცინო ოთახები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია კაფე - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი.
გარდა ამისა, შენობაში მონტაჟდება გაგრილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს ტენიანობის დონესა და მაყურებელთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდება ორი ტაბლო და განათების სისტემა. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ყინულის სასახლე აღიჭურვება თანამედროვე (ევროპული წარმოების) ორი ერთეული ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი მანქანა-დანადგარით. ასევე, სპეციალიზებული იატაკის იზოლირებული საფარით, რომლის საშუალებითაც, ყინულის საფარის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებს (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ).
ყინულის სასახლის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვას და მონტაჟს და ჩეხური კომპანია უზრუნველყოფს.
ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ევროპული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ შექმნა. ზამთრის, ისე ზაფხულის ფესტივალი - ორ წელიწადში ერთხელ იმართება.