ვინ არის 2008 წლის ომის დაწყებაში დამნაშავე? პრემიერის განმარტება

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2024
გამოწერა
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი პატრონების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ყოველთვის დარჩეს კონფლიქტის რეჟიმში, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. 2008 წლის აგვისტოს ომი გააჩაღა საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რაც მათ თავად დაადასტურეს ევროსაბჭოს შესაბამისი რეზოლუციისა და შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის დასკვნის მხარდაჭერით, ქართველი და ოსი ხალხი კი ამ კონფლიქტის მსხვერპლი გახდა, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.
საქართელოში მეოთხე დღეა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ მალე ჩატარდება „ქართული ნიუნბერგის პროცესი".
„ივანიშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ქართველებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ოსებს. იმის თაობაზე, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, მთელი გუნდი უკვე თვეზე მეტია საუბრობს. ამ კუთხით ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ომის დაწყებაზე „რადიკალურ ოპოზიციას“ არაფერი აქვს სათქმელი, რადგანაც ისინი სხვადასხვა დროს ამტკიცებდნენ, რომ ეს გააკეთა „სააკაშვილის რეჟიმმა“, შესაბამისად, მათი ისტერიკა გამოწვეულია ივანიშვილის სიტყვებით ბოდიშის მოხდის აუცილებლობის თაობაზე.
„როდესაც ვსაუბრობთ ბოდიშის მოხდაზე, იგულისხმება რამდენიმე ათეულ ათასობით მშვიდობიანი ოსი, რომელთანაც შერიგების გარეშე მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უტოპიაა. შერიგება ორმხრივი მონანიების გარეშე არ ხდება“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ქართველი ჯარისკაცების დაღუპვაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ისევე არიან პასუხისმგებელი, როგორც მათი უშუალო მკვლელები. ახლა კი თავხედურად ცდილობენ ამ გმირების სახელები ფარად გამოიყენონ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ისტერიკა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ქართველებისა და ოსების შერიგება ეწინააღმდეგება იმ მიზანს, რისთვისაც 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა გარე დაკვეთა შეასრულა და ომი დაიწყო.
„მათი და მათი პატრონების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ყოველთვის დარჩეს კონფლიქტის რეჟიმში, რომ იგი მუდმივად იყოს რყევის პირობებში, რომ არ გაძლიერდეს და ადვილად წამოეგოს მანიპულაციებს გარედან", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს ძმათამკვლელი ომის შედეგები - დაიღუპა 400-ზე მეტი ქართველი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, 30 ათასი ადამიანი სამშობლოში იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიების 20% და ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ნდობას ქართველებსა და ოსებს შორის.
ეს ყველაფერი, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არის გარე ძალების მიერ მართული სააკაშვილის მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენა, ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, აგრესიული რიტორიკა, მუდმივი სამხედრო პროვოკაციები და შედეგად, 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვა.
რაც შეეხება ქართულ ჯარს, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ღალატის ფონზე, მან შეინარჩუნა ქართული სახელმწიფოს ღირსება. სამხედროებმა, დადებული ფიცის თანახმად, შეასრულეს ბრძანება და 2008 წელს გმირულად იბრძოდნენ სამშობლოსთვის.
კოზირი „ოცნების" ხელში
საუბარი იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ხელისუფლებაა დამნაშავე ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩაღებაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მტკიცებულებად მოჰყავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუცია და შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის 2009 წლის დასკვნა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა".
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ „მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზულ საფრთხე შეუქმნა მშვიდობიან მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა საკუთარ ტერიტორიაზე და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მაშინ მმართველი პარტია დაეთანხმა ტალიავინის დასკვნას, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი სააკაშვილის მიერ დაწყებული ომის ქრონიკა, აღნიშნა პრემიერმა.
ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში მოცემულ საბრალდებო დასკვნაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს პარტიები „ახალი", „გირჩი" და „დროა", რომელთა ლიდერებიც მაშინდელ ხელისუფლებაში იყვნენ, დასძინა პრემიერმა.
ის, რომ ომი სააკაშვილმა გააჩაღა, ეთანხმება პარტია „ლელო“, რომლის წარმომადგენლებმა ანა ნაცვლიშვილმა და ანა დოლიძემ, თავის დროს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ცხინვალის დაბომბვის გამო, აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, როგორც კობახიძემ განაცხადა, 2018 წლის არჩევნების წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დაადანაშაულა სააკაშვილის რეჟიმი ომის დაწყებაში, რისთვისაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" მას მოღალატე უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0