რატომ არის სასარგებლო ფქვილის იმპორტის გადასახადი: ექსპერტის მოსაზრება

© Пресс-служба Президента Таджикистанаხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2024
გამოწერა
გადასახადის დაწესება მიზნად ისახავს ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობას
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადი აბალანსებს მცურავ ტარიფს საქართველოში შემოტანილ ხორბალზე და ქარხნებს კონკურენტულ გარემოში აყენებს, - განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 მარტამდე რუსეთიდან ფქვილის, ქერის და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი მესამედ გაახანგრძლივა. ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც დაბალი მოთხოვნის გამო მარცვლეულის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, საქართველომ 2023 წლის ზაფხულიდან ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი შემოიღო. ის თავდაპირველად მოქმედებდა 2023 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ მოქმედების ვადა ჯერ 1 მარტამდე გაგრძელდა, შემდეგ კი 2024 წლის 1 სექტემბრამდე.
„რუსეთიდან მცურავი ბაჟი ჯერ კიდევ მოქმედებს, ამიტომ საპირწონედ ამ დამაბალანსებელმა გადასახადმა (ფქვილის იმპორტზე - რედ.) უნდა იმოქმედოს. ეს სწორი კონკურენციის პირობებს ქმნის“, - განაცხადა სილაგავამ.
ამ შემთხვევაში საქართველოში ფქვილის, ხორბლის იმპორტიც შემოდის, ადგილობრივი წარმოების ხორბალიც იყიდება და პურის ფასიც სტაბილურია.
მისი თქმით, თუ ნებისმიერ დროს რუსეთში მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟი მოიხსნება, საქართველოში დამაბალანსებელი გადასახადის საჭიროებაც აღარ იქნება.
მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი რაოდენობის ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 1 კგ-ზე 0,2 ლარს შეადგენდა. 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 0,25 ლარით განისაზღვრა. გადასახადის მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა ნოემბერში - 2024 წლის 1 სექტემბრამდე. 200 კგ-ზე მეტი ქერისა და ქატოს იმპორტის გადასახადი 1 კილოგრამზე 0,1 ლარს შეადგენს.
გადასახადის დაწესება მიზნად ისახავს ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობას. მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება იმ პირობით მიუღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა.
„წინა ანალიტიკა, რაც ადრე იყო გამოქვეყნებული და დღევანდელი, რომელიც მოსალოდნელ ფასებთანაა დაკავშირებული, არავითარ წინაპირობას არ იძლევა იმისთვის, რომ ფქვილიდან გამომდინარე პურის ბაზარზე რაიმე კატაკლიზმები მოხდეს. ფასი სტაბილურია, არც ბაზარი მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეულწილად ფასების მომატება მოხდეს”, – განაცხადა სილაგავამ.
გარდა ამისა, წელს ნაკლები გამოწვევაა, ხორბლის მოსავალი უკეთესია როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის მხრივ, აღნიშნა სილაგავამ.
ექსპერტების პროგნოზით, საქართველოში ხორბლის მოსავალი 2024 წელს 200 ათას ტონამდე შეადგენს, რაც 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მეტია.
„წელს ნაკლები გამოწვევა იყო. მოკლედ რომ გითხრათ: ხორბლის რაოდენობა, მოსავალი, უკეთესი იყო და წინასწარი მონაცემებით, 200 000 ტონის ფარგლებშია. ჩვენ სასურსათეს ვეხებით, დაახლოებით 40.000 ტონა ჩაბარებულია, დანარჩენი ჩაბარებული არ არის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ფერმერები მთლიანობაში გარკვეულწილად შემდგომ პერიოდს ელოდებიან, ისტორიულად ზამთრისკენ როდესაც მიდის ტენდენცია, ფასის მატება ხდება ხოლმე“, - აღნიშნა სილაგავამ.
ასოციაციის ინფორმაციით, ფერმერების ნაწილი ტრადიციულად ინახავს აღებულ მოსავალს საცავებში და მისი ღირებულების მომატებას ელოდება.
წისქვილკომბინატებში ჩაბარების ფასი 1 კილოგრამზე 60-65 თეთრის ფარგლებში იყო, იმპორტირებული ხორბლის ფასი კი დაახლოებით 74-75 თეთრი.
„თქვენ იცით, რომ გადასახადის საკანონმდებლო მიმართულებით ქართული ხორბლის მიწოდება დღგ-დან გათავისუფლებულია. იმპორტირებული ხორბლის მოტანა და მიღება დღგ-ს ჩათვლის პრინციპით ხორციელდება. ეს დაახლოებით ის 18%-ია, რომელიც სხვაობას იძლევა. ეს არის დღევანდელი სიტუაცია“, - აღნიშნა სილაგავამ.
რთული დრო
წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ხორბლის ფქვილის 78% რუსეთიდან შემოდის.
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში 2023 წელს საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0